Thumbnail

შერწყმის პროცესში მყოფ გალაქტიკებში ორმაგი კვაზარები აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ილინოისის, დასავლეთ ვირჯინიისა და ჯონს ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტებში მომუშავე ასტრონომებმა, კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მოღვაწე კოლეგებთან ერთად, შერწყმის პროცესში მყოფ გალაქტიკებში ორმაგი კვაზარები აღმოაჩინეს. ამის შესახებ მათი ერთობლივი ნაშრომი სამეცნიერო გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.

► მეცნიერებმა ჩვენთვის ცნობილი ყველაზე შორეული კვაზარი აღმოაჩინეს

კვაზარები გალაქტიკის ცენტრში არსებულ რეგიონებს ეწოდება. ისინი კოსმოსის ყველაზე ნათელ ობიექტებს შორის მოიაზრებიან და წარმოიქმნებიან მაშინ, როდესაც სუპერმასიური შავი ხვრელის მძლავრი გრავიტაცია გარემომცველ მატერიას იზიდავს და თავის გარშემო მბრუნავ დისკს ქმნის. ამ პროცესში დიდი ოდენობით ენერგია გამოიყოფა, რაც კვაზარებისთვის დამახასიათებელ გამორჩეულ სიკაშკაშეს განაპირობებს. ასტრონომებმა შერწყმის პროცესში მყოფ გალაქტიკებში აღნიშნული ობიექტების წყვილებს დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ჰაბლის ტელესკოპის მეშვეობით მიაკვლიეს. მანამდე კი პოტენციური ორმაგი კვაზარების გამოსავლენად მეცნიერებმა ნიუ მექსიკოში მდებარე სპექტროსკოპის Sloan Digital Sky Survey და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) კუთვნილი ზონდის Gaia მიერ შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ დაფიქსირებული ორმაგი კვაზარები, J0749+2255 და J0841+4825. ფოტო: NASA / ESA

ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპზე დამონტაჟებული კამერის WFC3 მიერ დაფიქსირებული ობიექტები, რომლებსაც ასტრონომებმა J0749+2255 და J0841+4825 უწოდეს, დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ არსებობდნენ. მეცნიერების გამოთვლით, თითეულ წყვილში შემავალი კვაზარები ერთმანეთისგან დაახლოებით 10 ათასი სინათლის წლით არიან დაშორებული. შედარებისთვის, ჩვენი მზე ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრში განლაგებული შავი ხვრელიდან 26 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. სპეციალისტების განცხადებით, გრავიტაციის შედეგად ერთმანეთისკენ მიზიდული გალაქტიკები საბოლოოდ შეერთდება, რის შედეგადაც სრულიად ახალი სტრუქტურა ჩამოაყალიბდება. ეს კვაზარების წყვილის შერწყმას, ასევე, ერთი უფრო მასიური შავი ხვრელის ფორმირებას განაპირობებს. აღნიშნულ პროცესში საკმაოდ დიდი რაოდენობით აირი იკარგება, რის გამოც ახლად ჩამოყალიბებულ ელიფსურ გალაქტიკას ვარსკვლავების წარმოქმნის უნარი არ აქვს.

► ასტრონომებმა იშვიათი კოსმოსური ობიექტები აღმოაჩინეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეცნიერებმა საერთო ჯამში ასამდე ორმაგი კვაზარი აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, მათი უმეტესი ნაწილი სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპზე არსებობდა. სპეციალისტების თქმით, მსგავს ობიექტებზე დაკვირვება გალაქტიკებისა და მათ ცენტრში განლაგებული შავი ხვრელების შერწყმის პროცესში მიმდინარე მოვლენების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება. ორმაგ კვაზარებზე დასაკვირვებლად ასტრონომები მომავალში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებასაც გეგმავენ, რომელსაც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) მიმდინარე წელს გაუშვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები