Thumbnail

Perseverance-მა მარსის ამინდის შესახებ პირველი ცნობები გამოგზავნა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ წითელ პლანეტაზე გაშვებულმა ახალმა მარსმავალმა Perseverance ამ ციურ სხეულზე არსებული ამინდის შესახებ პირველი ცნობები დედამიწაზე გამოგზავნა. მეტეოროლოგიური მონაცემები როვერზე დამონტაჟებულმა ხელსაწყომ, სახელწოდებით MEDA მარსზე მდებარე ჯეზეროს კრატერში შეაგროვა.

დღის ფოტო: ცისარტყელა მარსზე Perseverance-ის ობიექტივში

აღსანიშნავია, რომ MEDA-ს მიერ 19 თებერვალს ჩაწერილი მონაცემების მიხედვით, ჯეზეროს კრატერში 22:25 საათზე -20°C ტემპერატურა ფიქსირდებოდა, დაახლოებით 30 წუთის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი უკვე -25.56°C-ს შეადგენდა. ხელსაწყოს სპეციალური სენსორების საშუალებით მსგავსი ინფორმაციის მოპოვება, როგორც პლანეტის ზედაპირზე, ისე მის ატმოსფეროში, დაახლოებით 85 სანტიმეტრის, 1,5 მეტრისა და 30 მეტრის სიმაღლეზე შეუძლია. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ MEDA-ს მიერ შეგროვებულ მონაცემებს NASA-ს მიერ მარსზე გაშვებული Ingenuity-ის სახელწოდებით ცნობილი ვერტმფრენის სატესტო ფრენების დროს გამოიყენებენ.

Perseverance-ზე დამონტაჟებული ხელსაწყო MEDA. ფოტო: NASA 

პლანეტაზე არსებული ტემპერატურის გაზომვის გარდა, MEDA მონაცემებს ქარის სიჩქარისა და მიმართულების, ატმოსფერული წნევის, ტენიანობის, ასევე, მზიდან და კოსმოსიდან მომავალი რადიაციის შესახებაც აგროვებს. ხელსაწყოს მიერ მოპოვებულ ცნობებზე დაყრდნობით, ჯეზეროს კრატერში ჰაერში ბევრად ნაკლები რადიაცია შეინიშნება, ვიდრე მისგან დაახლოებით 3700 კილომეტრით დაშორებულ გეილის კრატერში, რომელსაც აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს კიდევ ერთი მარსმავალი, სახელად Curiosity იკვლევს. ამის გარდა, MEDA-მ მარსზე არსებული ატმოსფერული წნევა გაზომა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ის 718 პასკალს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ Perseverance-ზე დამონტაჟებული მოწყობილობა ყოველ საათში ერთხელ ავტომატურად აქტიურდება. მას ფუნქციონირება იმ შემთხვევაშიც შეუძლია, როცა როვერი გათიშულია.

ნახეთ: Perseverance-მა მარსზე მტვრის ქარბორბალა დააფიქსირა

NASA-მ Perseverance მარსისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. მისიის ფარგლებში, რომლის განსახორციელებლადაც საერთო ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, მისი ამოცანა პლანეტის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა და იქ სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოსაძებნად ჯეზეროს კრატერში მცირე მასშტაბის გათხრების ჩატარებაა. მეცნიერთა ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ამ ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო როვერის მიერ შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები