Thumbnail

Crew Dragon-ის მე-4 ეკიპაჟიანი ფრენა 23 ოქტომბერს შედგება

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხომალდის Crew Dragon რიგით მე-4 ეკიპაჟიანი ფრენა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ან აღნიშნული თარიღის შემდგომ შედგება. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის კაფსულით დედამიწის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 4 ასტრონავტი გაემგზავრება.

► SpaceX-ის ხომალდი Crew Dragon გამჭვირვალე გუმბათით აღიჭურვება

Crew 3-ის სახელით ცნობილ 6-თვიან მისიაში მონაწილეობას NASA-ს ასტრონავტები რაჯა შარი და ტომ მარშბერნი, ასევე, ევროპის კოსმოსურ სააგენტოში (ESA) მომუშავე მათიას მაურერი მიიღებენ. რაც შეეხება ეკიპაჟის მეოთხე წევრს, მისი ვინაობა ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Crew Dragon-ს აშშ-ის ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან რაკეტა Falcon 9-ით გაუშვებენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ასტრონავტები დედამიწაზე მომდევნო წლის გაზაფხულზე დაბრუნდებიან.

მისიაში Crew-3 მონაწილე ასტრონავტები: რაჯა შარი, მათიას მაურერი და ტომ მარშბერნი. ფოტო: NASA

სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის კომპანიისთვის ეს რიგით მეოთხე ეკიპაჟიანი ფრენა იქნება. აღსანიშნავია, რომ მანამდე SpaceX აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს კიდევ ერთ, Crew 2-ის სახელით ცნობილ მისიას განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც Crew Dragon ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ მოდულზე 4 ასტრონავტს აიყვანს. მათ შორის იქნებიან ამერიკელ შეინ კიმბროუ და მეგან მაკარტური, ასევე, იაპონელ აკიჰიკო ჰოშაიდი და ფრანგ თომას პესკესი. როგორც ცნობილია, ისინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 22 აპრილს გაემგზავრებიან. შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის კომპანიის ხომალდის პირველი სატესტო გაშვება 2020 წლის მაისში შედგა, მეორე ეკიპაჟიანი მისია კი Crew Dragon-ით ამავე წლის ნოემბრის თვეში განხორციელდა.

► Crew Dragon-ის მე-3 ეკიპაჟიანი მისია 2021 წლის აპრილში განხორციელდება 

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების რუსული "სოუზის" ტიპის ხომალდების გამოყენების გარეშე, გაცილებით ბიუჯეტურ ფასად გასაგზავნად შეიქმნა. თუ ბოლო დრომდე NASA ერთი ადამიანის ორბიტაზე გასაყვანად დაახლოებით 80 მილიონ დოლარს იხდიდა, SpaceX-ის ხომალდით კოსმოსში ფრენის ღირებულება 20 მილიონამდე დოლარია. Crew Dragon-ის მრავალჯერადი გამოყენებით კი, დროთა განმავლობაში ამ თანხის კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი.

კომენტარები

ბოლო ამბები