Thumbnail

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან დიეგოში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტთან არსებულ სკრიფსის სახელობის ოკეანოლოგიის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერები ახლახან გამოქვეყნებულ ოფიციალურ ანგარიშში იუწყებიან.

საუკუნის ბოლოსთვის ზაფხული, შესაძლოა, 6 თვე გაგრძელდეს

მკვლევართა გამოთვლები აშშ-ის ჰავაის შტატში განლაგებული მაუნა ლოას ობსერვატორიის მიერ მოპოვებულ მონაცემებს ეფუძნება. მათი განცხადებით, ატმოსფეროში CO2-ის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია მიმდინარე წლის მარტის თვეში დაფიქსირდა, როცა ჰაერის შემადგენელი ყოველი მილიონი მოლეკულიდან 417.14 ერთეული სწორედ ნახშირორჟანგს ეკუთვნოდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელმა მაჩვენებელმა 1750-1800 წლების საშუალო ნიშნულს 50 პროცენტით გადააჭარბა.

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა ადამიანთა სამრეწველო საქმიანობის გარდა, გაუტყეურებითაც არის გამოწვეული. 

მეცნიერთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინა რეკორდი 2020 წლის მაისში დაფიქსირდა. მაშინ ჰაერში ამ მავნე აირის შემცველობა მილიონში 417.10 ერთეული იყო. დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, 2021 წლის იმავე თვეში ნახშირორჟანგის რაოდენობა უფრო მოიმატებს და 419.5-ს (± 0.6) მიაღწევს. გასულ წელთან შედარებით, 413.94-დან 416.3-მდე გაიზრდება ყოველწლიური საშუალო მაჩვენებელიც.

მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების დონე პანდემიამდელ მაჩვენებელს უბრუნდება

წლის განმავლობაში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის რაოდენობა ბუნებრივად მერყეობს. მაგალითად, გაზაფხულსა და ზაფხულში იკლებს, რადგან მას მცენარეები შთანთქავენ, შემოდგომასა და ზამთარში კი ისევ იმატებს. ამის მიუხედავად, მისი უდიდესი ნაწილი მაინც ადამიანთა სამრეწველო საქმიანობის დროს, კერძოდ, წიაღისეული საწვავის მოხმარებისას გამოიყოფა. მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაუტყეურებაც. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად შემცირებული ემისია გრძელვადიან პერსპექტივაში არაფერს შეცვლის. შესაბამისად, ისინი სახელმწიფოებს დაუყოვნებლივ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები