Thumbnail

ნახეთ: Perseverance-მა მარსზე სელფები გადაიღო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) წითელ პლანეტაზე გაგზავნილი ახალი მარსმავლის Perseverance მიერ გადაღებული ორი სელფი გამოაქვეყნა. ერთ მათგანზე აპარატი ახლო ხედით არის აღბეჭდილი, მეორეზე კი, რომელიც გიფის სახითაა წარმოდგენილი, როვერთან ერთად Ingenuity-ის სახელწოდებით ცნობილი ვერტმფრენიც მოჩანს.

► ნახეთ: NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე ახალი სელფი გადაიღო

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სურათები 6 აპრილს Perseverance-ის მექანიკურ ხელზე დამაგრებულმა კამერამ WATSON გადაიღო. იმ ფოტოს ქვედა ნაწილში, რომელზეც აპარატი ახლო ხედიდანაა აღბეჭდილი, როვერზე დამონტაჟებული მოწყობილობის MEDA სენსორებს ვხედავთ, რომლებსაც ის მარსის ამინდზე დასაკვირვებლად იყენებს. მათ ზემოთ, Perseverance-ის ანძის თავში SuperCam-ის სახელით ცნობილი ხელსაწყო მოჩანს, რომელიც სპექტრომეტრსა და ლაზერს, ასევე, კამერას Mastcam-Z აერთიანებს. ამ უკანასკნელით მარსმავალი წითელ პლანეტაზე მაღალი გარჩევადობის ფერად ფოტოებს, პანორამულ სურათებსა და ვიდეოებს იღებს.

Perseverance-ის მიერ გადაღებული სელფი. ფოტო: NASA

რაც შეეხება NASA-ს მიერ გავრცელებულ გიფს, როგორც ცნობილია, ის 62 კადრის შეერთებით არის მიღებული. ამ სურათებზე Perseverance-იდან დაახლოებით 4 მეტრის მოშორებით აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი ვერტმფრენი Ingenuity მოჩანს, რომელიც წითელ პლანეტაზე ახალ მარსმავალთან ერთად გაგზავნეს. აღსანიშნავია, რომ საფრენმა აპარატმა ცოტა ხნის წინ მარსზე პირველი ფერადი ფოტო გადაიღო, რომელზეც ციური სხეულის გრუნტი და როვერის ორი ბორბალია აღბეჭდილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Ingenuity წითელ პლანეტაზე 31 დღის განმავლობაში ხუთ სატესტო ფრენას განახორციელებს, რა დროსაც ის მარსის ზედაპირს სურათებსა და ვიდეოებს გადაუღებს.

Perseverance-ის მიერ გადაღებული 62 სელფისგან აწყობილი გიფი. წყარო: NASA

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Perseverance წითელი პლანეტისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. მისიის მიზანი, რომლის განსახორციელებლადაც საერთო ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, მარსის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა და იქ მდებარე ჯეზეროს კრატერში სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა. მეცნიერთა ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ამ ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. NASA მისიის ფარგლებში შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები