Thumbnail

სხვა პლანეტებზე ისეთივე წვიმის წვეთები მოდის, როგორიც დედამიწაზე

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ კემბრიჯში მდებარე ჰარვარდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, სხვა პლანეტებზე და მათ ბუნებრივ თანამგზავრებზე ისეთივე წვიმის წვეთები მოდის, როგორიც დედამიწაზე. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამერიკული გეოფიზიკური კავშირის გამოცემაში Journal of Geophysical Research ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

აღმოაჩინეს პლანეტა, რომელზეც წვიმა თხევადი რკინის სახით მოდის

დედამიწაზე წვიმის წვეთები წყლის სახით გვხვდება, თუმცა ჩვენს მზის სისტემაში შემავალ დანარჩენ ციურ სხეულებზე ისინი სხვა შემადგენლობის არიან. მაგალითად, ვენერაზე ციდან გოგირდმჭავა მოდის, იუპიტერზე ჰელიუმი და ამიაკი, მარსზე ნახშირორჟანგი, სატურნის მთვარე ტიტანზე მეთანი, ნეპტუნსა და ურანზე კი ალმასები ცვივა. იმის გასაგებად, თუ რა ზომის წვეთებს შეუძლია განსხვავებული პირობების მქონე პლანეტების ღრუბლებიდან მათ ზედაპირზე დაცემა, მეცნიერებმა ფიზიკურ და მათემატიკურ კანონებზე დაფუძნებული კომპიუტერული მოდელი შექმნეს.

წვიმის წვეთების მაქსიმალური ზომა სხვადასხვა ციურ სხეულზე: ფოტო: AGU

კვლევამ აჩვენა, რომ პატარა წვეთები ჰაერშივე ორთქლდებიან, შედარებით დიდები კი ნაწილებად იყოფიან. იმის მიუხედავად, თუ რა შემადგენლობის არიან, ხმელეთამდე მხოლოდ ისინი აღწევენ, რომელთაც მეტ-ნაკლებად ერთნაირი რადიუსი აქვთ - 0.1 მილიმეტრიდან რამდენიმე მილიმეტრამდე. მსგავსია მათი მაქსიმალური ზომაც, რომელიც პლანეტების მიზიდულობის ძალის გათვალისწინებით, დედამიწაზე არსებული წვიმის წვეთებისას მინიმუმ 0.5-ჯერ, მაქსიმუმ კი 6-ჯერ აღემატება.

მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიქმნება ალმასების წვიმა ნეპტუნსა და ურანზე

მეცნიერთა განცხადებით, მათი ახალი მიგნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ის ეგზოპლანეტებისთვის დამახასიათებელი გარემოპირობების უკეთ წარმოდგენაში დაგვეხმარება, რადგან წვიმა ციურ სხეულებზე კლიმატის ფორმირებისა და ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესში დიდ როლს თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები