ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის Boston Dynamics მიერ შექმნილი რობოტი ძაღლი, სახელად Spot საფრანგეთის არმიამ წვრთნებისას გამოცადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ბრეტანის რეგიონში განლაგებულ ერთ-ერთ სამხედრო სკოლაში ჩატარებული ორდღიანი სწავლების დროს გამოიყენეს.
► კომპანიამ Boston Dynamics რობოტი ძაღლის ახალი ვერსია წარადგინა
ფრანგული გამოცემის Ouest-France ინფორმაციით, სამხედრო წვრთნების მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ როგორ შეძლებდა ქვეყნის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მოქმედებების დროს რობოტების გამოყენებას. ცნობილია, რომ სწავლებისას Spot ძირითადად სადაზვერვო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას. რობოტი ძაღლი, რომლის წონაც დაახლოებით 30 კილოგრამს შეადგენს, კამერებით არის აღჭურვილი და ოთხი ფეხის დახმარებით გადაადგილდება, რაც მას ბარიერებზე გადავლას უმარტივებს. ამის გარდა, Spot-ის დისტანციურად მართვაა შესაძლებელი. მას ხშირად ისეთ ადგილების დასათვალიერებლად აგზავნიან, როგორიცაა მაღაროები და ნავთობის საბადოები.
აღსანიშნავია, რომ წვრთნებში Spot-თან ერთად სხვა მოწყობილობებიც გამოიყენეს. მათ შორის, ესტონური ფირმის Milrem Robotics მიერ წარმოებული დისტანციურად მართვადი ტანკი, სახელწოდებით OPTIO-X20 და ფრანგული კომპანიის Nexter მიერ დამზადებული რობოტი ჯორი ULTRO, რომელსაც სამხედრო აღჭურვილობის ტარება ევალება. სწავლებაში ჩართული იყო კიდევ ერთი ადგილობრივი მწარმოებლის Shark Robotics მიერ შექმნილი მანქანა Barakuda, რომელიც მასზე დამონტაჟებული ფარის საშუალებით ჯარისკაცებს მტრისგან დამალვის საშუალებას აძლევს. სამხედრო წვრთნებში მონაწილეთა განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული მოწყობილობების გამო მისიების განხორციელება შედარებით დიდ დროს მოითხოვდა, მათი დახმარებით სხვადასხვა სიტუაციაში გადარჩენის შანსი გაცილებით მაღალი იყო.
Boston Dynamics-ის წარმომადგენლების განცხადებით, საფრანგეთის არმიის მიერ Spot-ის სამხედრო წვრთნებში გამოყენების შესახებ მათ აქამდე არაფერი იცოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია საკუთარი რობოტების იარაღით აღჭურვის კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა ის ამ დრომდე მსჯელობს, აუკრძალოს თუ არა შეიარაღებულ სტრუქტურებს თავისი მოწყობილობების სამხედრო დანიშნულებით გამოყენება.
კომენტარები