Thumbnail

სამხრეთ კორეაში წყლის ბინადრებმა ბირთვული რეაქტორების მუშაობა შეაფერხეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ზღვის სალპების სახელით ცნობილმა პატარა ზომის წყლის ბინადრებმა სამხრეთ კორეაში მდებარე ჩრდილოეთ კიონსანის პროვინციაში განლაგებულ, 950 მეგავატი სიმძლავრის ბირთვულ რეაქტორებში შეაღწიეს, რის გამოც დანადგარების დროებით გაჩერება გახდა საჭირო. ამის შესახებ სახელმწიფო კომპანია Korea Hydro & Nuclear Power იუწყება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს.

"ხელოვნური მზის" სახელით ცნობილმა ბირთვულმა რეაქტორმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქორდიანთა ტიპის ორგანიზმებმა, რომელთა სიგრძეც 10 სანტიმეტრს არ აღემატება, ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე განთავსებული ჰენალის ატომური ელექტროსადგურის 1-ლი და მე-2 ბირთვული რეაქტორების წყლის გამაგრილებელი სისტემა გაჭედეს, რამაც სითხის ამოტუმბვის პროცესს შეუშალა ხელი. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული მიზეზის გამო მიმდინარე წლის 6 აპრილს მათ ორივე დანადგარის მუშაობა შეაჩერეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება მათი ფუნქციონირება, რადგან ამისთვის სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსგან შესაბამისი ნებართვის მიღებაა საჭირო.

ზღვის სალპები

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არაა. ჰენალის ატომურმა ელექტროსადგურმა, რომელიც ჯამში 5.9 გიგავატი სიმძლავრის ექვს ბირთვულ რეაქტორს აერთიანებს, ზღვის სალპების ჭარბი რაოდენობის გამო მუშაობა1996 წლიდან დღემდე სულ ცხრაჯერ შეწყვიტა. ბოლო ინციდენტი მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირდა, როდესაც ზემოხსენებული ორი დანადგარი ცხრა დღით გააჩერეს. მანამდე კი ეს ბოლოს 2006 წელს მოხდა.

აშშ-ში მცირე ზომის ბირთვული რეაქტორების პროექტი დაამტკიცეს

მეცნიერთა თქმით, როგორც წესი, ზღვის სალპები ივნისში მრავლდებიან, თუმცა წელს ამას გაზაფხულისთვის უჩვეულოდ თბილმა დინებებმა შეუწყო ხელი. არ გამორიცხავენ, რომ ეს კლიმატის ცვლილების შედეგი იყოს, რასაც დაზუსტებით მომდევნო დეკადის განმავლობაში წყლის ამ ბინადართა რაოდენობაზე დაკვირვებით გავიგებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები