Thumbnail

ანტარქტიდაზე არსებული შელფური მყინვარების მესამედს განადგურება ემუქრება

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე რედინგისა და ბელგიაში განლაგებულ ლიეჟის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, კლიმატის ცვლილების შედეგად ტემპერატურის 4°C-ით მომატების შემთხვევაში, ანტარქტიდაზე არსებული შელფური მყინვარების მესამედზე მეტს განადგურება ემუქრება. ამის შესახებ მათი ახალი ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.

ანტარქტიდას 1,200-ზე მეტი კვ. კმ ფართობის აისბერგი გამოეყო

იმის გასარკვევად, თუ როგორ აისახება გლობალური დათბობა ანტარქტიდის გარშემო მოტივტივე შელფურ მყინვარებზე, მეცნიერებმა კლიმატის მოდელირების სახელით ცნობილი მეთოდი გამოიყენეს. მათ პროგნოზი სამ სხვადასხვა სცენარზე დააფუძნეს - მსოფლიო ტემპერატურის 1.5°C-თ, 2°C-ით და 4°C-ით მატებაზე, რაც ამ საუკუნის განმავლობაში სრულიად შესაძლებელია. კვლევამ აჩვენა, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, კონტინენტის სანაპირო ზოლზე განლაგებული ყინულის მასის 34 პროცენტი, რაც დაახლოებით ნახევარ მილიონ კვადრატულ კილომეტრს უდრის, ჩამოშლის რისკის ქვეშ აღმოჩნდება. მათ შორისაა ანტარქტიკის ნახევარკუნძულზე არსებული შელფური მყინვარების 67 პროცენტიც.

ტემპერატურის 4°C-ით მატების შემთხვევაში, ანტარქტიდაზე არსებული შელფური მყინვარების მესამედზე მეტს განადგურება ემუქრება.

ანტარქტიდის შელფური მყინვარები ხმელეთზე განლაგებული ყინულის მასის შემაკავებელ ბარიერს ქმნიან და დამდნარი წყლის ოკეანეში ჩადინებას უშლიან ხელს. ყოველ ზაფხულს მათი ზედაპირი უფრო და უფრო სწრაფად ლღვება, თოვლში გაყვანილ ნაპრალებში ჩადის და ისევ იყინება. თუმცა, ბოლო დროს ნაკლები ატმოსფერული ნალექის გამო სითხე გამყარებას ვეღარ ახერხებს და გუბურების სახით გროვდება, რაც ბზარების გადიდებასა და შელფების დანაწევრებას განაპირობებს.

ნახეთ: NASA-მ ანტარქტიდაზე ყინულის დნობის კერები დააფიქსირა

თუ მეცნიერთა პროგნოზი გამართლდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მყინვარებიდან მომავალი წყალი პირდაპირ ოკეანეში ჩაიღვრება და მისი დონის მნიშვნელოვნად მომატებას გამოიწვევს, რასაც საგანგაშო შედეგები მოჰყვება. სპეციალისტების აზრით, მათი კვლევის შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პარიზის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას, რომელიც დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის ჯერ 2 °C-მდე, შემდეგ კი 1,5 °C-მდე შეზღუდვას ითვალისწინებს.

კომენტარები

ბოლო ამბები