Thumbnail

დღის ფოტო: ცისფერი დიუნები მარსის ზედაპირზე

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ახალი სურათი გაავრცელა, რომელზეც მარსის ზედაპირზე განლაგებული ქვიშის დიუნებია აღბეჭდილი. შთამბეჭდავი გამოსახულების მისაღებად სპეციალისტებმა წითელი პლანეტისკენ გაშვებული, Odyssey-ის სახელწოდებით ცნობილი ორბიტერის მიერ გადაღებული ფოტოები გამოიყენეს. კადრები 2002 წლის დეკემბრიდან 2004 წლის ნოემბრამდე დროის პერიოდში აღნიშნულ აპარატზე დამონტაჟებულმა კამერამ THEMIS დააფიქსირა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სურათზე მარსის ჩრდილოეთ პოლარული მხარეა აღბეჭდილი. დიუნების ცისფერ შეფერილობას აღნიშნულ რეგიონში არსებული დაბალი ტემპერატურა განაპირობებს, ყვითელი და ნარინჯისფერი ფერით კი მზის შუქით განათებული, შედარებით თბილი არეალია ნაჩვენები. NASA-მ ორბიტერი წითელი პლანეტისკენ ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხზე განლაგებული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ბაზიდან 2001 წლის 7 აპრილს გაუშვა. აპარატმა მარსის ორბიტამდე ამავე წლის 24 ოქტომბერს მიაღწია. კოსმოსურმა სააგენტომ ახალი ფოტოსურათი სწორედ Odyssey გაშვებიდან გასული 20 წლის აღსანიშნავად გამოაქვეყნა.

ცისფერი დიუნები წითელ პლანეტაზე

ფოტო: NASA

კომენტარები

ბოლო ამბები