Thumbnail

დღის ფოტო: დინოზავრის 175 მილიონი წლის წინანდელი ნაკვალევი

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

არქეოლოგი მარი ვუდსი დიდ ბრიტანეთში მდებარე იორკშირის საგრაფოს სანაპიროსთან სადილისთვის მოლუსკების შეგროვების დროს დინოზავრის ნაკვალევს გადაეყარა. სპეციალისტების ვარაუდით, ის მეგალოზავრს უნდა ეკუთვნოდეს, რომელიც ჩვენს პლანეტაზე 175-164 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. მეცნიერების გამოთვლით, ქვეწარმავლების კლასის ამ გიგანტური წარმომადგენლის სიმაღლე თეძომდე დაახლოებით 2,4 მეტრი, მისი სხეულის საერთო სიგრძე კი 8-9 მეტრი უნდა ყოფილიყო.

მარი ვუდსი შიშობს, რომ დროთა განმავლობაში დინოზავრის ნაკვალევი, შესაძლოა, ზღვის ტალღებმა ჩამორეცხოს. მისი განცხადებით, ამის თავიდან ასარიდებლად სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ ნაკვალევის აღმოჩენის შემდეგ ვუდსი თავის კოლეგებს დაუკავშირდა, რომლებმაც მას ფოტოსურათები გადაუღეს. მათ ობიექტის სამგანზომილებიანი მოდელის შესაქმნელად გამოიყენებენ, იმ შემთხვევაში, თუ ნაკვალევის მთლიანობის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარი ვუდსის მიერ აღმოჩენილი ნიმუში იორკშირის საგრაფოში ნაპოვნ დინოზავრის ნაკვალევთა შორის ყველაზე დიდია.

მარი ვუდსის მიერ აღმოჩენილი დინოზავრის ნაკვალევი

ფოტო: Marie Woods

მარი ვუდსი მის მიერ აღმოჩენილი დინოზავრის ნაკვალევის ფონზე

ფოტო: Marie Woods

კომენტარები

ბოლო ამბები