Thumbnail

ნახეთ: დედამიწის ორბიტაზე განლაგებული Crew Dragon-იდან გადაღებული ვიდეო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) ასტრონავტმა, მაიკლ ჰოპკინსმა ტვიტერზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შთამბეჭდავი კადრები იაპონიის კოსმოსურ სააგენტოში (JAXA) მომუშავე სოიჩი ნოგუჩიმ დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულზე განლაგებული კომპანია SpaceX-ის წარმოების ხომალდიდან Crew Dragon დააფიქსირა.

► Crew Dragon-ის მე-4 ეკიპაჟიანი ფრენა 23 ოქტომბერს შედგება

15-წამიან ვიდეოში, რომელიც Resilience-ის სახელწოდებით ცნობილი კაფსულიდანაა გადაღებული, ჩვენი პლანეტა, მის ფონზე კი ირმის ნატომის გალაქტიკაა ნაჩვენები. ამის გარდა, კადრებში დედამიწის გარშემო არსებული ატმოსფეროს თხელი ფენის დანახვაცაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Crew Dragon, რომლის ბორტზეც ამერიკელი ასტრონავტები - მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ ვოქერი და იაპონელი სოიჩი ნოგუჩი იმყოფებოდნენ, ორბიტაზე რაკეტით Falcon 9 ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გასული წლის 16 ნოემბერს გაუშვეს. დაახლოებით 27 საათის შემდეგ კი კაფსულა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა.

 

ცოტა ხნის წინ Resilience-მა პირვანდელი ადგილმდებარეობა შეიცვალა, რათა დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულზე მიერთება SpaceX-ის კიდევ ერთმა კაფსულამ Endeavour შეძლოს. წინასწარი ინფორმაციით, ამ აპარატით Crew 2-ის სახელით ცნობილი მისიის ფარგლებში ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 22 აპრილს ოთხი ასტროვანტი გაემგზავრება. მათ შორის იქნებიან ამერიკელ შეინ კიმბროუ და მეგან მაკარტური, ასევე, იაპონელ აკიჰიკო ჰოშაიდი და ფრანგ თომას პესკესი. Crew Dragon-ის მომდევნო ეკიპაჟიანი ფრენა კი შემოდგომაზეა ჩანიშნული. როგორც ცნობილია, მისიაში Crew-3 მონაწილებას NASA-ს ასტრონავტები რაჯა შარი და ტომ მარშბერნი, ასევე, ევროპის კოსმოსურ სააგენტოში (ESA) მომუშავე მათიას მაურერი მიიღებენ. ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა ეკიპაჟის მეოთხე წევრის ვინაობა.

► SpaceX-ის ხომალდი Crew Dragon გამჭვირვალე გუმბათით აღიჭურვება

უახლოეს მომავალში ილონ მასკის კომპანია Crew Dragon-ის მინის გამჭვირვალე გუმბათით აღჭურვას აპირებს, რომლის მეშვეობითაც მის ბორტზე მყოფ პირებს კოსმოსის შთამბეჭდავი ხედებით ტკბობის შესაძლებლობა მიეცემათ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განახლებულ კაფსულას ძირითადად დედამიწის ორბიტაზე კერძო ფრენების დროს გამოიყენებენ. წინასწარი ცნობით, პირველ მსგავს მისიას SpaceX მიმდინარე წლის სექტემბერში განახორციელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები