Thumbnail

მეცნიერების ახალი მიგნება ობიექტებს გარკვეულწილად უხილავად აქცევს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ავსტრიაში მდებარე ვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და ნიდერლანდებში განლაგებულ უტრეხტის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა სინათლის ისეთ ტალღებს მიაკვლიეს, რომელთაც შუქგაუმტარ მატერიაში შეღწევა დაუბრკოლებლად შეუძლიათ, თითქოს ეს ობიექტები უხილავები იყვნენ და არც არსებობდნენ. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature Photonics ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ისტორიაში პირველად ანტიმატერია თითქმის აბსოლუტურ ნულ ტემპერატურაზე გაყინეს

ჩვენ გარშემო არსებულ ნივთებს ადამიანის თვალისთვის ხილულად მათკენ მიმართული სინათლის სხივების გაფანტვის პროცესი აქცევს. ამგვარი ტალღების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ისინი ერთმანეთისგან ფორმითა თუ სიგრძით განსხვავდებიან და ქაოტური სტრუქტურის მქონე მატერიასთან ურთიერთქმედებისას ინდივიდუალურად იცვლებიან. მათზე დასაკვირვებლად მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რისთვისაც თუთიის ოქსიდის გაუმჭვირვალე ფხვნილი გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ სინათლის ზოგიერთმა ტალღამ ნივთიერებაში გაფანტვის გარეშე გაიარა და მეორე მხარეს განთავსებულ დეტექტორამდე იმავე სახით მიაღწია, როგორიც თავდაპირველად იყო.

სინათლის ტალღები შუქგაუმტარი მატერიის გავლით დიდი დათვის თანავარსკვლავედის გამოსახულებას ქმნიან. ფოტო: Allard Mosk/Matthias Kühmayer 

ახალი კვლევის ფარგლებში ნაშრომის ავტორებმა უწესრიგოდ განლაგებული ნანონაწილაკებისგან შემდგარი თეთრი შეფერილობის ფხვნილისკენ სინათლის სხვადასხვაგვარი ტალღები მიმართეს. მათ ყურადღება იმ განსაკუთრებულ სიგნალებზე გაამახვილეს, რომელთა მოძრაობის მიმართულებაზეც ნივთიერებას გავლენა არ მოუხდენია. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ისინი თუთიის ოქსიდის გავლით ისე გადაადგილდნენ, როგორც ცარიელ ჰაერში და ფორმაც შეინარჩუნეს, თუმცა ოდნავ შესუსტდნენ. მეცნიერებმა მსგავსი ტალღების მეშვეობით დეტექტორზე დიდი დათვის თანავარსკვლავედის გამოსახულების გადატანაც კი შეძლეს.

ნახეთ: ისტორიაში პირველად მეცნიერებმა დროის კრისტალი ვიდეოზე აღბეჭდეს

მკვლევრებს ახალი მიგნება მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნიათ. ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოხსენებული მეთოდი მედიკოსებს პაციენტების ორგანიზმის კონკრეტული წერტილების, მაგალითად, უჯრედების დეტალურ ვიზუალიზაციაში დაეხმარება, რის საშუალებასაც რენტგენული გამოსხივება არ იძლევა.

კომენტარები

ბოლო ამბები