Thumbnail

კლიმატის ცვლილების გამო თეთრმა დათვებმა გრიზლებთან შეჯვარება დაიწყეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

დედამიწაზე კლიმატის ცვლილების პარალელურად გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფმა თეთრმა დათვებმა გრიზლის სახელით ცნობილ ჩრდილოამერიკულ მურა დათვებთან შეჯვარება დაიწყეს. მეცნიერების განცხადებით, მათ ნაშიერებს გლობალური დათბობის პირობებში გადარჩენის გაცილებით მეტი შანსი აქვთ.

► კანადაში თეთრი დათვების თავდასხმისგან თავის დასაცავად რადარებს ამონტაჟებენ

თეთრი დათვისა და გრიზლის ნაჯვარი ძუძუმწოვარი პირველად 2006 წელს კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე შენიშნეს. მას თეთრი ბეწვი და ყავისფერი ლაქები, ასევე, დრუნჩის უჩვეულო მოყვანილობა ჰქონდა. ცხოველის დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ის ნამდვილად დათვისებრთა ოჯახის აღნიშნული წარმომადგენლების შთამომავალი იყო. მსგავსი ჰიბრიდი 2010 წელს კანადის არქტიკული არქიპელაგის დასავლეთ ნაწილშიც ნახეს. როგორც აღმოჩნდა, ის თეთრი დათვისა და გრიზლის შეჯვარებით მიღებული შთამომავლობის მეორე თაობას მიეკუთვნებოდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც გლობალურმა დათბობამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, გრიზლებმა არქიტიკის რეგიონისკენ გადაადგილება დაიწყეს, რამაც მათი და თეთრი დათვების ჰიბრიდების რაოდენობის ზრდას შეუწყო ხელი.

თეთრი დათვისა და გრიზლის შთამომავალი. ფოტო: Arterra

აღსანიშნავია, რომ თეთრ დათვებს არქტიკაში ზღვის ყინულის დნობასთან ერთად, რომელსაც ისინი სელაპებზე სანადიროდ იყენებენ, საკვების მოპოვება უფრო და უფრო უძნელდებათ. აშშ-ის ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში მდებარე ვანდერბილტის უნივერსიტეტში მომუშავე პალეონტოლოგის, ლარისა დესანტისის განცხადებით, ეს ამ ცხოველების გადაშენების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. ამის თქმის საფუძველს მეცნიერს მის მიერ ჩატარებული კვლევები აძლევს. დესანტისმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი პოლარული დათვის 20 თავის ქალა შეისწავლა. შედეგად, მეცნიერმა დაადგინა, რომ ამ ძუძუმწოვრებს ყბების სპეციფიკური აგებულების გამო საკვები რაციონის შეცვლა უჭირთ, ვინაიდან შედარებით მყარ საჭმელს ვერ ამუშავებენ. რაც შეეხება გრიზლის, მას ხორცის გარდა მცენარის ბოლქვების დაღეჭვაც შეუძლია. შესაბამისად, ამ სახეობათა ჰიბრიდს შექმნილ ვითარებაში გადარჩენის გაცილებით მეტი შანსი აქვს.

► 2100 წლისთვის თეთრი დათვების უმეტესობა, შესაძლოა, გადაშენდეს

ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებით, მოცემული დროისთვის ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის კუნძულებსა და სანაპიროებზე 21-დან 31 ათასამდე თეთრი დათვი ბინადრობს. მეცნიერები შიშობენ, რომ, თუ კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად ქმედითი ღონისძიებები არ გატარდება, მათ უდიდეს ნაწილს 2100 წლისთვის გადაშენება ემუქრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები