Thumbnail

მეცნიერებმა ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდული ჩანასახები შექმნეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთში მდებარე კუნმინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებმა აშშ-ის ტექსასის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში მოღვაწე კოლეგებთან ერთად მაიმუნის ემბრიონებში ადამიანის უჯრედების გადანერგვის გზით ჰიბრიდული ჩანასახები შექმნეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Cell ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

► მეცნიერებმა თაგვის ემბრიონში ადამიანის უჯრედები გაამრავლეს

მეცნიერები სხვადასხვა სახეობის ძუძუმწოვართა ჰიბრიდების შექმნას 1970-იანი წლებიდან ცდილობენ, 2017 წელს კი მათ ისტორიაში პირველად ადამიანისა და ღორის საერთო ემბრიონი შექმნეს. ამგვარი კვლევები ორგანიზმში მიმდინარე პროცესების უკეთ შესწავლასა და ტრანსპლანტაციისთვის განკუთვნილი ორგანოების სხვა ცხოველში გაზრდას ემსახურება. თუმცა, მოლეკულურ დონეზე ჩვენი და ამ წყვილჩლიქოსანი არსებების შეუთავსებლობის გამო, მსგავსი ექსპერიმენტების უმეტესობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ანიმაცია ჰიბრიდული ემბრიონის ჩამოყალიბების პროცესს გვიჩვენებს. ფოტო: Cell

აღნიშნული დაბრკოლების გადასალახად, სპეციალისტებმა კვლევებში ჩვენთან ევოლუციურად ბევრად ახლოს მდგომი სახეობის, ამ შემთხვევაში, კიბორჩხალაჭამია მაკაკის ჩართვა გადაწყვიტეს. მათ მაიმუნის თითოეულ ემბრიონში ადამიანის 25 პლურიპოტენციური უჯრედი შეიყვანეს, რომელიც ქსოვილების განვითარებას უწყობს ხელს. შედეგად, ისინი 132 ჩანასახთან წარმატებით ინტეგრირდნენ, 10 დღის შემდეგ კი 103 მათგანი ისევ განაგრძობდა ჩამოყალიბებას. ამის მიუხედავად, გაიზარდა ემბრიონების სიკვდილიანობის მაჩვენებელი და მე-19 დღემდე ცოცხლად მხოლოდ სამმა ჩანასახმა მიაღწია, რომლებიც მეცნიერებმა წესის შესაბამისად გაანადგურეს.

ხელოვნურ პლაცენტას ადამიანის ნაყოფზე 5 წელში გამოცდიან

მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომის ავტორთა მიერ ჩანასახებზე დაკვირვებამ ადამიანისა და მაიმუნის უჯრედებს შორის არსებული საკომუნიკაციო გზები გამოავლინა. მათი განცხადებით, ეს მომავალში უფრო ეფექტიანი ექსპერიმენტების განხორციელებაში დაგვეხმარება, რომლებიც ეთიკის ყველა შესაბამის წესისა და რეგულაციის დაცვით ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები