Thumbnail

მეცნიერთა თქმით, დედამიწის ხმელეთის ეკოსისტემის 3%-ზე ნაკლებია ხელუხლებელი

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ნიდერლანდებში მომუშავე მეცნიერებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე კოლეგებთან ერთად დაადგინეს, რომ ამ დროისთვის დედამიწის ხმელეთის ეკოსისტემის მხოლოდ 3 პროცენტზე ნაკლებია ხელუხლებელი. ამის შესახებ მათი ერთობლივი ნაშრომი სამეცნიერო გამოცემაში Frontiers in Forests and Global Change გამოქვეყნდა.

► დედამიწაზე მობინადრე ორგანიზმებს უჟანგბადობის გამო განადგურება ემუქრება

სპეციალისტების ჯგუფმა კვლევის დროს იმის გარკვევა სცადა, თუ როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში ჩვენი პლანეტის ხმელეთის ეკოსისტემა. ამისთვის მეცნიერებმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წლისთვის დედამიწაზე მობინადრე ათასობით სახეობის ცხოველთა რიცხვი მათ დღევანდელ რაოდენობას შეადარეს. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ადამიანის არასწორი ქმედებების გამო ზიანი პლანეტის ფაუნის 97 პროცენტზე მეტს მიადგა. აღსანიშნავია, რომ წინა კვლევების თანახმად, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 60-80 პროცენტს შეადგენდა.

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი რამდენიმე სახეობის ცხოველის გამრავლების ხელშეწყობისა და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის შემთხვევაში დედამიწის ეკოსისტემის 20 პროცენტის აღდგენაა შესაძლებელი.

მკვლევართა განცხადებით, ამ დროისთვის დედამიწაზე ეკოლოგიურად ხელუხლებელი ადგილები, რომლებსაც 10 ათასი კვადრატული კილომეტრი ან მეტი ფართობი უჭირავს, აღმოსავლეთ რუსეთში, კერძოდ კი ციმბირში, კანადის ჩრდილოეთ ნაწილსა და აშშ-ის ალასკის შტატში, ასევე, ამაზონის ჯუნგლებსა და საჰარის უდაბნოშია შემორჩენილი. მათივე თქმით, ასეთად უნდა მივიჩნიოთ ჩილეს სამხრეთ ნაწილში განლაგებული ალაკალუფისის სახელით ცნობილი ნაკრძალი, ცენტრალურ აფრიკაში, კონგოს რესპუბლიკაში მდებარე ნუაბელი-ნდოკისა და ტანზანიაში მდებარე სერენგეტის ეროვნული პარკები. მეცნიერები შიშობენ, რომ დაცულ ტერიტორიებზე მსგავსი ადგილების სულ რაღაც 11 პროცენტია თავმოყრილი, რაც მათი შენარჩუნების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს.

► კლიმატის ცვლილების გამო თეთრმა დათვებმა გრიზლებთან შეჯვარება დაიწყეს

აღსანიშნავია, რომ ადამიანთა არასწორი ქმედებების გამო ჩვენი პლანეტის ბიომრავალფეროვნებას თანდათან უფრო მეტი ზიანი ადგება. ამის მიუხედავად, სპეციალისტები აცხადებენ, რომ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მხოლოდ რამდენიმე სახეობის ცხოველის გამრავლების ხელშეწყობისა და მათთვის ხელსაყრელი გარემოპირობების შექმნის შემთხვევაშიც კი, დედამიწის ხმელეთის ეკოსისტემის 20 პროცენტის აღდგენა იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები