Thumbnail

Starship კოსმოსში დიდი რაოდენობით მგზავრების გაყვანას 5 წელიწადში შეძლებს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

SpaceX-ის წარმოების ხომალდი Starship კოსმოსში დიდი რაოდენობით მგზავრების გაყვანას უახლოეს 5 წელიწადში შეძლებს. აღნიშნული განცხადება მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის მიერ დაფუძნებული კომპანიის პრეზიდენტმა, გვინ შოთველმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციაზე გააკეთა.

ილონ მასკი: მარსზე ხომალდის Starship ეკიპაჟიანი ფრენა 2026 წელს შედგება

"Starship საოცარი მანქანაა. არ არსებობს საფრენი აპარატი, რომელიც მასზე მეტად აღმაფრთოვანებს. ეს ის ხომალდია, რომელიც მთვარესა თუ მარსზე ადამიანების დიდ რაოდენობას ერთდროულად წაიყვანს. მე მჯერა, რომ ეს დაახლოებით ხუთ წელიწადში იქნება შესაძლებელი", - განაცხადა SpaceX-ის პრეზიდენტმა.

SpaceX-ის პრეზიდენტი, გვინ შოთველი. ფოტო: Via Satellite

კონფერენციის მიმდინარეობისას გვინ შოთველმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ SpaceX ეკიპაჟთან ერთად Starship-ის მარსზე გაშვებას 2030 წლამდე გეგმავს. კომპანიის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეს მოცემულ თარიღზე გაცილებით ადრე მოხდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება ცოტა ხნის წინ SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმაც გააკეთა. მისი ვარაუდით, ხომალდი წითელ პლანეტაზე ეკიპაჟიანი მისიის განსახორციელებლად 2026 წლისთვის იქნება მზად, აპარატის სატესტო ფრენა ციური სხეულისკენ კი, შესაძლოა, 2024 წელს შედგეს.

Starship ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანას შეძლებს. ის ზომითა და წონით SpaceX-ის სხვა, ექსპლუატაციაში უკვე მყოფ კოსმოსურ აპარატებზე პატარაა და ილონ მასკის თქმით, მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც. დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება. ორივე აპარატი SpaceX-ის მიერ შექმნილი ახალი სარაკეტო ძრავით Raptor იქნება აღჭურვილი.

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი Starship ორბიტაზე 2021 წლის ივლისში გაფრინდება

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკის კომპანია Starship-ით მთვარესა და მარსზე ასი ადამიანის ერთდროულად გადასმას ისახავს მიზნად. SpaceX-მა მთვარის მისიისთვის NASA-ს დაფინანსება უკვე მოიპოვა. ამჟამად მისი მთავარი ამოცანა კოსმოსური ხომალდის სრულყოფილი მოდელის აგებაა. ამ მიზნის მისაღწევად სამხრეთ ტექსასში მდებარე ბოკა ჩიკას კერძო კოსმოდრომზე უკვე არაერთი ცდა განხორციელდა. ყოველი ახალი ექსპერიმენტი სპეციალისტებს აპარატის გაუმჯობესებაში ეხმარება. როგორც ცნობილია, Starship-ს თავდაპირველად დედამიწის ორბიტაზე გაუშვებენ. ბოლო ინფორმაციით, აღნიშნული მისიის განხორციელება მიმდინარე წლის 1-ლ ივლისს იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები