Thumbnail

ნახეთ: ზემასიური შავი ხვრელი M87* სხვადასხვა ტელესკოპის ობიექტივში

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ 200-მდე კვლევით დაწესებულებაში მომუშავე 760 მეცნიერისგან შემდგარმა გუნდმა M87*-ის სახელით ცნობილი ზემასიური შავი ხვრელის ახალი ფოტოსურათები გაავრცელა. ისინი დედამიწის ამა თუ იმ ნაწილში განლაგებული და კოსმოსში გაშვებული ტელესკოპების მიერაა გადაღებული. სპეციალისტთა ერთობლივი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.

ნახეთ: ზემასიური შავი ხვრელის M87* ახალი გამოსახულება გავრცელდა

ქალწულის თანავარსკვლავედში მდებარე ელიფსური გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელი, რომელიც ჩვენგან 55 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 2019 წელს მოექცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მეცნიერებმა რადიოტელესკოპთა გლობალური ქსელის მეშვეობით მისი ჩრდილი, ანუ ობიექტის ირგვლივ ფორმირებული კაშკაშა რგოლი დააფიქსირეს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტი იყო. აღსანიშნავია, რომ ამავე დროს M87*-ს ასტრონომები კიდევ 19 ობსერვატორიიდან აკვირდებოდნენ, რის შედეგადაც მისი მძლავრი გამოსხივების აღბეჭდვა სხვადასხვა ელექტრომაგნიტურ სპექტრში შეძლეს. აქამდე შავი ხვრელის სინქრონული კვლევა ამგვარი მასშტაბით არასდროს განხორციელებულა.

 

მეცნიერთა მიერ ახლახან გამოქვეყნებული ვიდეო სწორედ ზემოხსენებულ ფოტომასალას აერთიანებს. ის M87*-ის უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი სურათით იწყება, რასაც სხვა რადიოტელესკოპების მიერ დაფიქსირებული გამოსახულებები მოსდევს. თითოეული მათგანი ზემასიურ შავ ხვრელს ყოველ ჯერზე უფრო და უფრო შორიდან გვიჩვენებს. კადრებს შორისაა კოსმოსური ობიექტიდან მომავალი ხილული, ულტრაიისფერი, რენტგენული და გამა გამოსხივების ამსახველი ფოტოებიც.

მეცნიერებმა ორი განსხვავებული მასის მქონე შავი ხვრელის შეჯახება დააფიქსირეს

ასტრონომები აღნიშნავენ, რომ ფოტოსურათების სპექტრული მრავალფეროვნება შავი ხვრელის შესახებ ახალ და განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის, რაც მომავალში მისი მახასიათებლების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება. ისინი M87*-ზე კიდევ ერთხელ დაკვირვებას სულ მალე დაიწყებენ, რაც ორწლიანი შუალედის შემდეგ, პირველი მსგავსი მცდელობა იქნება. წინა წლებში ამას ტექნიკურმა პრობლემებმა და კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა ხელი.

კომენტარები

ბოლო ამბები