Thumbnail

მეცნიერებმა ახალი სუპერდედამიწა აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი
  • სუპერდედამიწა არის ეგზოპლანეტა, რომლის მასაც ჩვენი პლანეტის მასაზე მეტი და მზის სისტემის ყინულის გიგანტების, ურანისა და ნეპტუნის მასაზე გაცილებით ნაკლებია. 

ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში მდებარე სხვადასხვა კვლევით დაწესებულებაში მომუშავე მეცნიერებმა სუპერდედამიწის ტიპის ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 36 სინათლის წლითაა დაშორებული. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Astronomy & Astrophysics ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ახალაღმოჩენილ პლანეტას მეცნიერებმა "π დედამიწა" უწოდეს

ასტრონომებმა სუპერდედამიწას ესპანეთში განლაგებულ გალილეოს სახელობის ტელესკოპზე დამონტაჟებული სპექტროგრაფის HARPS-N მიერ 6 წლის განმავლობაში მოპოვებული მონაცემების ანალიზისას მიაკვლიეს. ის საკუთარ ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს მოძრაობს და მის გარშემო გადაადგილებას 2.4 დღეს ანდომებს. ახალაღმოჩენილი პლანეტის მასა დედამიწისას 3-ჯერ აღემატება, რადიუსი კი 1.4-ჯერ. ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ის მყარი, კლდოვანი ციური სხეული უნდა იყოს.

გალილეოს სახელობის ტელესკოპი.

ამის გარდა, მეცნიერები მნათობის მიმდებარედ მეორე ობიექტის არსებობასაც არ გამორიცხავენ, რომელიც სატურნის ზომისაა და რომლის ორბიტული პერიოდიც 9 წელს შეადგენს. მათი განცხადებით, აღნიშნული სიგნალი, შესაძლოა, სულ სხვა მიზეზით, კერძოდ, ვარსკვლავის მაგნიტური აქტივობით იყოს გამოწვეული. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული ვარაუდის დასადასტურებლად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

ნახეთ: NASA-ს მეცნიერებმა დედამიწის მსგავსი ზომის ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

ვარსკვლავი, რომლის გარშემოც ახალი სუპერდედამიწა მოძრაობს, GJ 740-ის სახელით ცნობილი წითელი ჯუჯაა. ეს უკანასკნელი მზეზე ნაკლებად მასიური და ბევრად ცივია - მისი ზედაპირის ტემპერატურა 2400-დან 3700 კელვინამდე აღწევს. მსგავსი მნათობები ჩვენს გალაქტიკაში საკმაოდ მრავლად გვხვდება და მეცნიერთა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიიჩნევა, რომ თითოეული მათგანის მახლობლად საშუალოდ 2.5 ეგზოპლანეტა არსებობს, რომელთა შემჩნევაც შედარებით მარტივია. შეგახსენებთ, რომ კეპლერის მისიის ფარგლებში სულ 156 ასეთი ციური სხეულია აღმოჩენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები