Thumbnail

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

იაპონიის ყველაზე დიდი მეტროპოლისი ტოკიო, რომელიც მთავრობისა და იმპერატორის ადგილსამყოფელსა და შესაბამისად, ქვეყნის დე ფაქტო დედაქალაქს წარმოადგენს, კუნძულ ჰონსიუს კანტოს რეგიონში მდებარეობს. წარსულში მის ადგილს მეთევზეთა სოფელი, ედო იკავებდა. ეს უძველესი დასახლება განსაკუთრებით მე-17 საუკუნეში, ტოკუგავას მმართველობის პერიოდში გაიზარდა, 1868 წელს კი სატახტო ქალაქად და სახელმწიფოს უცვლელ კულტურულ, სამეცნიერო თუ ეკონომიკურ ცენტრად იქცა.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: დუბაი

ეს სტატია სწორედ თანამედროვე სამყაროს უმდიდრეს მეგაპოლისს, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მომავლის ტექნოლოგიების შეხვედრის ადგილს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ქალაქს, ტოკიოს ეძღვნება.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

იაპონიის საიმპერატორო ოჯახმა 1868 წელს ქალაქ კიოტოს დატოვების შემდეგ ტოკიოში, ჩიოდას რაიონში მდებარე სასახლეში გადაინაცვლა და დღემდე იქ ცხოვრობს. 1,15 კვადრატულ კილომეტრზე გაშენებული კომპლექსის ნაწილი დამთვალიერებლებისთვის მუდმივად ღიაა, მონარქის საცხოვრებელთან მიახლოება კი მხოლოდ მის დაბაბდების დღეზე, 23 თებერვალსა და საახალწლო ღონისძიებაზე, 2 იანვარს შეიძლება. საიმპერატორო სასახლეს ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი სტუმრობს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

ლეგენდის თანახმად, ტოკიოს უძველესი ბუდისტური ტაძარი სენსოჯი მე-7 საუკუნეში, მას შემდეგ აღიმართა, რაც ორმა მეთევზემ მდინარეში წყალობის ქალღმერთის, გუანინის წმინდა ქანდაკება აღმოაჩინა. ასაკუსას რაიონში, უენოს პარკისა და სუვენირების მაღაზიებით დახუნძლული ედოს პერიოდის ქუჩების სიახლოვეს მდებარე მონასტერს ყოველწლიურად 30 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ისტორიული ნაგებობის დათვალიერებასთან ერთად, სენსოჯიში სხვადასხვა სარიტუალო დანიშნულების ნივთის, მათ შორის, სალოცავი დაფების შეძენა, მათზე საკუთარი სურვილების დაწერა და ტაძრის სიახლოვეს დატოვებაა შესაძლებელი. 

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

ტოკიოს რკინიგზისა და მეტროს სისტემები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია. ამ სატრანსპორტო საშუალებებით ყოველდღიურად 40 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს.  შედეგად, საკვანძო მონაკვეთებზე ერთდროულად იმდენი მგზავრი იყრის თავს, რომ სადგურის საგანგებოდ დაქირავებულ თანამშრომლებს, ოშიიებს მათი გადავსებულ ვაგონებში შეტენვა უხდებათ.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

ტოკიოს ცენტრში, შიბუიას რკინიგზის სადგურისა და ერთგულების სიმბოლოდ ქცეული ლეგენდარული ძაღლის, ჰაჩიკოს ქანდაკების სიახლოვეს მდებარე ეს საფეხმავლო გადასასვლელი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ ფეხით მოსიარულეთა ბილიკად ითვლება. პიკის საათებში შუქნიშნის მწვანე შუქზე მას ერთდროულად საშუალოდ 3 ათასი, მთელი დღის განმავლობაში კი 325 ათასი ადამიანი კვეთს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

იაპონიის ქუჩის მოდა დანარჩენი მსოფლიოსა და წამყვანი ბრენდების დიზაინერთა ყურადღებას უკვე წლებია იქცევს. მის ცენტრად ტოკიოს ერთ-ერთი უბანი, ჰარაძიუკუ ითვლება, სადაც გასული საუკუნის მიწურულს არაერთი სუბკულტურა და შესაბამისი ჩაცმის სტილი ჩამოყალიბდა.  

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

ჰარაძიუკუს ფერად ქუჩებში მსოფლიო ბრენდების არაერთ მაღაზიას, ბუტიკსა და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ სამოსში გამოწყობილ ადამიანებს შეხვდებით. 

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

ტოკიო უძრავი ქონების ფასებით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია. იაპონიის დედაქალაქში დაბინავების მსურველებს ბინის შეძენა რამდენიმე ასეულ ათას, დაქირავება კი ათას დოლარზე მეტი უჯდებათ. თუმცა, ამის საშუალება ყველას არ აქვს. ამიტომ,  კომპანია SPILYTUS-ის მიერ აშენებული საცხოვრებელი კომპლექსები, რომლებშიც “კუკურის“ სახელით ცნობილი მინიატურული ოთახის დაქირავება ჩვეულებრივზე ბევრად იაფადაა შესაძლებელი, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ დროისთვის ტოკიოს ცენტრალურ უბნებში 70 მსგავსი ნაგებობაა განლაგებული.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

თითოეული კომპლექსი დაახლოებით 17 ლოფტის ტიპის ბინას იტევს. კუკურის საშუალო სრული ფართი 9-11, საცხოვრებელი სივრცე კი 6 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამ დროისთვის კომპანია აბაზანით, ტუალეტით, სამზარეულოთი და უფასო ინტერნეტით აღჭურვილ 1200-ზე მეტ მინიატურულ ოთახს აქირავებს, მომლოდინეთა სიაში კი უამრავი მსურველია ჩაწერილი. მდგმურები, რომელთა ასაკი, როგორც წესი, 30 წლამდეა, შენობის ადგილმდებარეობის მიხედვით ქირაში 450-იდან -750 აშშ დოლარამდე იხდიან.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

შინჯუკუს რაიონში მდებარე ეს ტერიტორია წარსულში ნაიტოს კლანს ეკუთვნოდა, დღეს კი 583 ჰექტარზე გაშენებულ ბოტანიკურ ბაღს ნაციონალურ პარკის სტატუსი აქვს მინიჭებული და ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

ბაღის ტერიტორიაზე 20 ათასზე მეტი მცენარე ხარობს. მათ შორისაა რამდენიმე ათეული სახეობის 1500-მდე ალუბლის ხე, რომელთა ყვავილობის ნახვა მარტის მიწურულსა და აპრილის დასაწყისშია შესაძლებელი.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

2018 წელს მსოფლიოს უდიდესმა თევზის ბაზარმა ტოკიოს ცენტრში მდებარე ცუკიძის რაიონიდან ტოისუში გადაინაცვლა. 408 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებულ ფიშ მარკეტში ყოველდღიურად რამდენიმე ასეული სახეობის, ათასზე მეტი ტონა ზღვის პროდუქტი იყიდება. მსურველებს შეძენილი თევზეულის ადგილზე დაგემოვნებაც შეუძლიათ - კომპლექსში განლაგებული რესტორნები გურმანებისთვის კერძებს უმოკლეს დროში ამზადებენ. 

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

იაპონიაში თინუსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზღვის პროდუქტია. 2019 წელს ტოისუს თევზის ბაზარში გამართულ პირველივე აუქციონზე 278-კილოგრამიანი თევზი სუშის რესტორნების ქსელის მფლობელმა, კიოში კიმურამ 3,1 მილიონ დოლარად შეიძინა. ვაჭრობა დილის 5 საათზე იწყება და მასზე დასწრება ბაზრის ცნობისმოყვარე სტუმრებსაც შეუძლიათ.  მათთვის კომპლექსის ზედა სართულებზე სპეციალური შემინული სივრცეებია მოწყობილი.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

ოდაიბას ხელოვნური კუნძული, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილს 800-მეტრიანი, ცისარტყელის სახელით ცნობილი ხიდით უკავშირდება, 1850-იან წლებში მტრის ფლოტის შემოტევისგან ტოკიოს დაცვის მიზნით აიგო. 1990-იან წლებში კი ის ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს კომერციულ და გასართობ ცენტრად იქცა. ოდაიბას არაოფიციალური სიმბოლო, თავისუფლების ქანდაკების ასლი ზღვისპირა პარკშია აღმართული, საიდანაც იაპონის დედაქალაქის უმშვენიერესი ხედები იშლება.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

კუნძულ ოდაიბაზე მდებარეობს მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფო მუზეუმი “მირაიკანი“. 2001 წელს გახსნილი დაწესებულების ტერიტორიაზე უახლესი კვლევების გაცნობა და მომავლის ტექნოლოგიების დათვალიერებაა შესაძლებელი. მათ შორისაა 6 მეტრი დიამეტრის მქონე, 10 ათასზე მეტი OLED პანელისგან დამზადებული ჭკვიანი გლობუსიც, რომელიც დედამიწაზე მიმდინარე გეოლოგიურ თუ ატმოსფერულ მოვლენებზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

ამავე სივრცეშია გამოფენილი უახლესი რობოტებიც. მუზეუმი სტუმრებს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ანდროიდების საჩვენებელ შოუებზე დასწრებასა და გონიერ მოდელებთან პირადად გასაუბრებას სთავაზობს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

მირაიკანი ოდაიბაზე მდებარე ერთადერთი ულტრათანამედროვე სივრცე არაა. ტოკიოში დაფუძნებულმა არტ კოლექტივმა TeamLab, რომელიც 400-ზე მეტ ხელოვანს, პროგრამისტს, ინჟინერს, კომპიუტერულ გრაფიკოსს, მათემატიკოსსა და არქიტექტორს აერთიანებს, 2018 წელს კუნძულზე ციფრული ხელოვნების მუზეუმიც გახსნა. 10 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებულ საგამოფენო დარბაზს, რომელშიც ათეულობით შთამბეჭდავი ინსტალაციისა თუ ჰოლოგრამული გამოსახულების ხილვაა შესაძლებელი, ყოველწლიურად 2,3 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

მირაიკანის მუზეუმის გუმბათოვან დარბაზში განთავსებული 4K ლაზერული პროექტორები და 15.2 მეტრი დიამეტრის სფერული ეკრანი კი დაწესებულების სტუმრებს სხვადასხვა ციური სხეულის შესწავლისა თუ კოსმოსში ვირტუალური მოგზაურობის საშუალებასაც აძლევს.  

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

ავტომოყვარულებისთვის ცნობილია, რომ იაპონია დრიფტის სამშობლოა. ავტოსპორტის ამ სახეობაში ყველაზე პრესტიჟიული შეჯიბრებები კი სწორედ ოდაიბაზე იმართება. D1 Grand Prix-ისა და საერთაშორისო საავტომობილი ფედერაციის ორგანიზებულ თითოეულ ღონისძიებას, როგორც წესი, ათეულობით ათასი ადამიანი ესწრება.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

იაპონიაში ტრადიციულ თერმულ აბანოებს, ონსენებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე 3 ათასზე მეტი მსგავსი დაწესებულება ფუნქციონირებს. მათ შორისაა ოდაიბაზე მდებარე ედოს პერიოდის უდიდესი თემატური პარკი, ოედო ონსენ მონოგატარი. 2003 წელს რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებულ კომპლექსში, რომელიც 1400 მეტრის სიღრმიდან ამომავალი თბილი წყაროთი მარაგდება და 13 აუზს აერთიანებს, წყალში ნებივრობასთან ერთად საზაფხულო კიმონოს - იუკატას მორგება, ტრადიციულ სტილში გადაწყვეტილ ბაღებსა თუ ქუჩებში სეირნობა და ეროვნული კერძების დაგემოვნებაცაა შესაძლებელი.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

იაპონიაში სპორტის ეს ეროვნული სახეობა უკვე მრავალი საუკუნეა იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომ მისი ათასობით გულშემატკივარი ტურნირებთან ერთად რიკიშების ვარჯიშებსაც ესწრება. ტოკიოს ჩუოს რაიონში მდებარე არაშიო ბეიას დარბაზში გამართული საწვრთნელი შერკინებების ფანჯრიდან ყურება უფასოდაა შესაძლებელი. ამისთვის მსურველებს მხოლოდ ადრიანად გაღვიძება, ადგილზე დილის შვიდის ნახევარზე გამოცხადება და იქვე გამოკრული წესების ზედმიწევნით შესრულება მოეთხოვებათ - მათ სიჩუმე უნდა დაიცვან და თავი შეიკავონ ნებისმიერი საკვებისა თუ სასმლის მიღებისგან. აკრძალულია, ასევე, შენობაში შესვლა და ფოტოების მაშუქით გადაღება.  

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

იაპონელები ერთ-ერთ ყველაზე შრომისმოყვარე ერად მიიჩნევიან. ამ კულტურაში ზედმეტი მუშაობით გამოწვეული უეცარი გარდაცვალების აღსაწერად სპეციალური ტერმინიც კი არსებობს - კაროში. სამსახურებში განსაკუთრებით დიდ დროს გაყიდვების სფეროში დასაქმებული ადამიანები და საშუალო რგოლის მენეჯერები ატარებენ. მათი სამუშაო კვირა ხშირად 60 საათს ან მეტს შეადგენს. ოფისის გვიან დატოვებისა თუ დამღლელი დღის შემდეგ ბარში შესეირნების გამო, ისინი ზოგჯერ საჯარო ტრანსპორტს ვეღარ უსწრებენ და ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

ტოკიოს ქუჩებში რკინიგზისა თუ ავტოსადგურების სკამებზე მსხდომ მთვლემარე ადამიანებთან ერთად, ვერტიკალურ მდგომარეობაში ჩაძინებულ ხალხსაც შეხვდებით. 

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

გარეთ დარჩენილების ნაწილი კი თავქვეშ ჩანთას იდებს და გამოძინებას იმ დაწესებულების წინ ცდილობს, რომელსაც რამდენიმე საათით ადრე განტვირთვისთვის ესტუმრა.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

სუმიდას რაიონში მდებარე Tokyo Skytree მსოფლიოში ყველაზე მაღალი კოშკია. ეს 634-მეტრიანი, 35-სართულიანი სატელეკომუნიკაციო ანძა, რომელიც სადამკვირვებლო კოშკის, საოფისე სივრცისა თუ სავაჭრო-გასართობი ცენტრის ფუნქციებსაც ითავსებს, 2012 წელს გაიხსნა. ტოკიოს ერთ-ერთ არაოფიციალურ სიმბოლოდ ქცეული შენობა ყოველწლიურად მილიონობით დამთვალიერებელს იზიდავს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

შენობის სადამკვირვებლო პლატფორმის ქვედა ნაწილში გამჭირვალე იატაკია დაგებული, რაც მის სტუმრებს 340 მეტრი სიმაღლიდან ჩახედვისა და ექსტრემალური შეგრძნებების განცდის საშუალებას აძლევს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

კოშკის მთავარი სადამკვირვებულო პლატფორმები კი 350 და 450 მეტრის სიმაღლეზეა განლაგებული.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

ხედებით ტკბობის, სხვადასხვა საგამოფენო სივრცის დათვალიერებისა თუ სუვენირების შეძენის გარდა, კოშკის ვიზიტორებს 345 მეტრის სიმაღლეზე მდებარე რესტორანში იაპონურ-ფრანგული სამზარეულოს დაგემოვნებაც შეუძლიათ. იქ მოხვედრის მსურველები ადგილს, როგორც წესი, რამდენიმე კვირით ადრე ჯავშნიან.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

ტოკიოს კიდევ ერთი ტელეანძა, რომელიც ამავდროულად სადამკვირვებულო კოშკის ფუნქციებსაც ითავსებს, 1958 წელს აიგო. მეგაპოლისის ერთ-ერთ არაოფიცალურ სიმბოლოდ ქცეულ, ეიფელის კოშკით შთაგონებული თითქმის 333-მეტრიან კონსტრუქციას ყოველწლიურად 2 მილონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. იმისთვის, რომ იაპონიაში “ტოკიო სქაითრის“ შემდეგ რიგით მეორე, ყველაზე მაღალმა შენობამ პირვანდელი სახე შეინარჩუნოს და ავიაუსაფრთხოების სტანდარტები დააკმაყოფილოს, ის ხუთ წელიწადში ერთხელ იღებება, რასაც დაახლოებით 340 ათასი ლიტრი საღებავი სჭირდება.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

კოშკის ქვეშ სავაჭრო-გასართობი ცენტრია მოწყობილი, საიდანაც ლიფტით სადამკვირვებლო პლატფორმებზე მოხვედრაა შესაძლებელი. თუმცა, ტოკიოს ტელეანძის ადმინისტრაცია სტუმრებს გარე კიბით სარგებლობას ურჩევს. მათ, ვინც დახლოებით 600 საფეხურს აივლის და 150-მეტრის სიმაღლეზე ამ  გზით მოხვდება, ჩადენილი “გმირობისთვის“ სპეციალური სერტიფიკატიც გადაეცემა.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

საოცარი ხედით ტკბობის პარალელურად, ტოკიო ტელეანძაზე იაპონური ჩაის დაგემოვნებაცაა შესაძლებელი. მისი დაყენების ტრადიციული რიტუალი დილაობით, ნაგებობის დამთვალიერებლებისთვის გახსნამდე, სრულ სიმშვიდეში იმართება. ცერემონიაზე დასასწრებად ადგილის წინასწარ დაჯავშნაა აუცილებელი. ბილეთის ფასი დაახლოებით 30 აშშ დოლარია.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

Nintendo-ს მიერ გამოშვებული საკულტო თამაშების, Mario Bros.-ისა და Super Mario Kart-ის ერთგულ თაყვანისმცემლებს იაპონიაში ყოფნისას მარიოს თავგადასვლებში ჩართვა რეალურ ცხოვრებაშიც შეუძლიათ. ამ პერსონაჟის კოსტუმსა და კარტინგის მცირელიტრაჟიან სარბოლო ავტომობილებს ტურისტებისა თუ ადგილობრივებისთვის ტოკიოში მდებარე არაერთი კომპანია აქირავებს.  ჩვეულებრივ, ქალაქის ნაწილის კარტით დათვალიერება და გიდის მოსახურება, რომლის მოსმენაც ავტოტრანსპორტში საგანგებოდ დამონტაჟებული დინამიკის საშუალებითაა შესაძლებელი, დაახლოებით 70 აშშ დოლარი ღირს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

ლეგენდარული იაპონელი მებრძოლების, სამურაების შესახებ ისტორიებს ტოკიოს არაერთ მუზეუმში მოისმენთ. თუმცა, განსაკუთრებული პოპულარობით შინჯუკუს რაიონში მდებარე ეს დაწესებულება სარგებლობს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

შინჯუკუს სამურაების მუზეუმში მეომართა კასტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებასა და იარაღებისა თუ აბჯრების დათვალიერებასთან ერთად, საჭურველის პირადად მორგება, ბრძოლის ამა თუ იმ სტილის დემონსტრაციაზე დასწრება და კატანების შეძენაცაა შესაძლებელი.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

იღბლის მომტანი კატის, მანაკი-ნეკოს ფიგურას იაპონიაში თითქმის ყველა ბარში, რესტორანში, სასტუმროში, მაღაზიასა თუ სამრეცხაოში შეხვდებით. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მისი ისტორია მე-17 საუკუნის ტოკიოში, გოკოკუჯის ტაძარში ღარიბ ბერთან ერთად მცხოვრებ კატას უკავშირდება. ერთ წვიმიან დღეს სამლოცველოსთან ახლოს მდგომი ხის ქვეშ შეფარებული სამურაი, ლი ნაოტაკა მან თათით აწევით თავისთან მიიპატიჟა, რითიც უსათუო სიკვდილისგან იხსნა - ხეს, რომლის ქვეშაც მცირე ხნის წინ მებრძოლი იდგა, მეხი დაეცა. კატის მიმართ მადლიერების გამოსახატად სამურაიმ გოკოკუჯის ტაძრის მფარველობა ითავა, ცხოველის გარდაცვალების შემდეგ კი მისი ქანდაკებები დაამზადებინა. დღეისთვის სამლოცველოს ტერიტორიაზე ათასზე მეტ მანაკი-ნეკოა გამოფენილი, დამთვალიერებლებს მათთვის სურვილების ჩათქმასთან ერთად ფიგურების შეძენაც შეუძლიათ.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

იაპონიაში კატების მიმართ სიყვარული მხოლოდ მანაკი-ნეკოს ფიგურების თაყვანისცემით არ შემოიფარგლება. ტოკიოს სხვადასხვა უბანში 50-ზე მეტ “კატების კაფეს“ შეხვდებით, რომლის სტუმრებიც ცხოველებთან თამაშში, მათ მოფერებასა თუ გამოკვებაში საათში დაახლოებით 10 აშშ დოლარს იხდიან. ეს დაწესებულებები კლიენტების  სპეციფიკურ სურვილებსაც იდეალურად ერგება - ზოგიერთ მათგანში მხოლოდ გაზულუქებული, მსუქანი თუ შავი ფისოები ბინადრობენ, ზოგიერთში კი მათი ქუჩიდან აყვანილი თანამოძმეები. 

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

ტოკიოს მეტროპოლისის დასავლეთ ნაწილ მიტაკაში მდებარე ეს მუზეუმი იაპონიურმა სტუდიამ “გიბლი“ 2001 წელს გახსნა. შენობა “პრინცესა მონონოკეს“, “აჩრდილწაღებულის“, “ჩემი მეზობელი ტოტოროსა“ თუ სხვა ლეგენდარული ნამუშევრების ავტორმა, ჰაიაო მიაძაკიმ თავად დააპროექტა, საგამოფენო სივრცეც ისე გამოიყურება, რომ ვიზიტორებმა თავი ზღაპრული ანიმაციის ნაწილად იგრძნონ. დაწესებულებაში საყვარელ პერსონაჟებთან შეხვედრასთან ერთად, შემოქმედებითი პროცესისა და ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაციის მიღება, უნიკალური ილუსტრაციების დათვალიერება, ნაგებობის სახურავზე განლაგებულ ბაღში გასიერნება, თემატურ კაფეში სხვადასხვა კერძისა თუ სასმლის დაგემოვნება და კინოთეატრში ექსკლუზიური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვა შესაძლებელი. მუზეუმს ყოველწლიურად 650 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

მეგუროს რაიონში მდებარე პარაზიტოლოგიის მუზეუმი 1953 წელს გაიხსნა. ის მსოფლიოში ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც მხოლოდ ამ ორგანიზმებს ეძღვნება. ორსართულიან შენობაში ყველაზე პოპულარულ ექსპონატთან, ადამიანის სხეულიდან ამოღებულ ერთ-ერთ უგრძეს, თითქმის ცხრამეტრიან თასმისებურ ჭიასთან ერთად 60 ათასი უნიკალური ნიმუშია დაცული. საგამოფენო სივრცეს ყოველწლიურად 70 ათასამდე ადამიანი სტუმრობს. დამთვალიერებლებს თემატური მაისურების, გზამკვლევებისა და სხვა სუვენირების გარდა აკრილში ჩასმული პარაზიტებით გაფორმებული ბრელოკების შეძენაც შეუძლიათ.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

სხვადასხვა წყაროს ცნობით, იაპონიაში უძველესი “სიყვარულის სასტუმროები“ ჯერ კიდევ ედოს პერიოდში, მე-17 საუკუნეში ფუნციონირებდა, თუმცა წარსულში ისინი უმეტესად პროსტიტუციისთვის გამოიყენებოდა. 1960-იან წლებში კი ნომრების საათობრივად დაქირავება იმ დაოჯახებულმა წყვილებმა და შეყვარებულებმაც დაიწყეს, რომლებსაც სახლში განმარტოების საშუალება არ ეძლეოდათ. დღეისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ტოკიოს არაერთ უბანში 37 ათასამდე მსგავს დაწესებულებას შეხვდებით. ვიზიტორები ოთახს, როგორც წესი, მისაღებში დამონტაჟებულ სპეციალურ ეკრანებზე, მომსახურე პერსონალთან შეხვედრის გარეშე ირჩევენ, თანხას კი აპარატის ან სალაროსთან დაკავშირებული მილის საშუალებით იხდიან, რაც მათ ანონიმურობას უზრუნველყოფს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

მოძრავი საწოლებით, ჭერზე დამონტაჟებული სარკეებითა თუ მრავალფეროვანი აქსესუარებით აღჭურვილ ოთახებს ყოველდღიურად 2  მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.  

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

200-ზე მეტი რობოტი თანამშრომლით დაკომპლექტებული სასტუმრო Henn na Hotel ტოკიოს გინძას სავაჭრო უბანში 2018 წელს გაიხსნა. იმის მიუხედავად, რომ მათი გაუმართავი მუშაობით გამოწვეული საჩივრების გამო დაწესებულების ადმინისტრაციას გონიერი მანქანების თითქმის ნახევრის სამსახურიდან დათხოვნა მოუწია, სასტუმროს ვიზიტორებს დღემდე იაპონურ, ინგლისურ, ჩინურ და კორეულ ენაზე მოლაპარაკე, საოცრად კეთილგანწყობილი დინოზავრები არეგისტრირებენ.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

იაპონია ერთ-ერთი ყველაზე სეისმურად აქტიური ქვეყანაა. ამიტომ, ტოკიოს სამაშველო სამსახური მოქალაქეების ბუნებრივი კატასტროფებისთვის მომზადებაზე განსაკუთრებით ზრუნავს. ტოშიმას რაიონში მდებარე სპეციალური ტრენინგ ცენტრის ვიზიტორებს ხანძრის ჩაქრობასა თუ პირველადი დახმარების წესების შესახებ ინფორმაციის მიღებასთან ერთად, ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული ყველაზე მძლავრი და მსოფლიოში რიგით მეოთხე უძლიერესი, 9.1- ბალიანი მიწისძვრის საკუთარ თავზე გამოცდაც შეუძლიათ. უმძაფრესი შეგრძნებებით დატვირთული სასწავლო სიმულაცია საგანგებოდ მოწყობილ ოთახში დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდება.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

უნიტაზების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, იაპონური კომპანია Toto-ს შოურუმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ტოკიოს შინჯუკუს რაონშიც შეხვდებით. მათი პროდუქცია, რომლის ღირებულებაც ხშირად რამდენიმე ათას აშშ დოლარს აღწევს, აუდიოფლეიერით, ელექტრობიდეთი, საშრობითა თუ დასაჯდომის გათბობა-გაგრილების ფუნქციითაა აღჭურვილი. ანტიბაქტერიული ზედაპირის მქონე უნიტაზები, რომელთა თავსახურებიც ავტომატურად, ღილაკზე ხელის დაჭერის გარეშე იღება, ხმოვანი ბრძანებით ირეცხება და მოხმარების შემდეგ ნელსურნელებასაც აფრქვევს.

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

ტოკიოს ღამის ცხოვრების ერთ-ერთ ცენტრს შინჯუკუს რაიონი წარმოადგენს. დაახლოებით 18 კვადრატულ კილომეტრზე გაშენებულ ამ დასახლებაში არაერთი ღამის კლუბი, სიყვარულის სასტუმრო, კაბარე თუ ბარი მდებარეობს. შინჯუკუს ღამეები, როგორც წესი, კარაოკეზე წასვლითა და საყვარელი სიმღერების შესრულებით მთავრდება  

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

შინჯუკუში საუკეთესო კარაოკე ბარებს გოლდენ გაიში შეხვდებით. ამ უბნის ექვსი ვიწრო ქუჩა დაბალსართულიან ხის შენობებსა და მათში განთავსებულ 200-ზე მეტ მცირე ზომის დაწესებულებას აერთიანებს, სადაც ადგილობრივი ბოჰემა იკრიბება, სვამს, საუბრობს და ცოცხალ მუსიკას უსმენს. გოლდენ გაის ბარების ნაწილი მხოლოდ მუდმივ ვიზიტორებს მასპინძლობს და უცხოებისთვის დაკეტილია, თუმცა დანარჩენებში მოხვედრასა და ახალი მეგობრების შეძენას იოლად შეძლებთ. 

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მიხედვით იაპონია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა. იქ 100 წელს გადაცილებული 80 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, 65 წელს გადაცილებულთა რიცხვი კი მთელი მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტს შეადგენს. მათი დიდი ნაწილი ფორმის შენარჩუნებაზე განსაკუთრებით ზრუნავს და სპორტულ დარბაზებსა თუ სახელმწიფოს მიერ ღია ცის ქვეშ საგანგებოდ მოწყობილ გამაჯანსაღებელ სივრცეებს რეგულარულად სტუმრობს. ამიტომ, დილაობით ტოკიოს ქუჩებში, პარკებსა თუ მოედნებზე ვარჯიშით გართულ ხანდაზმულ ადამიანებს ხშირად შეხვდებით.  

მსოფლიოს გამორჩეული ქალაქები: ტოკიო

იაპონიაში ტრადიციული საოჯახო სასაფლაოს ფასი რამდენიმე ათეულ ათას აშშ დოლარს აღწევს, თუმცა უკანასკნელ წლებში ქვეყანაში შედარებით იაფი, მაღალტექნოლოგიური ალტერნატივებიც გაჩნდა. მათ შორისაა ტოკიოს შინჯუკუს რაიონში მდებარე კოუკოკოჯის ტაძრის კოლუმბარიუმი. იმის მიუხედავად, რომ გარედან ის უჩვეულოდ სულაც არ გამოიყურება, ავტომატური ხის კარის მიღმა ლედ განათებით აღჭურვილი, კედელში ჩაშენებული 2 ათასზე მეტი ბუდას ქანდაკებაა მიმალული. ფიგურების უკან კი ფერფლის შესანახი სათავსოებია მოთავსებული, რომელთა ფასიც 6,600 აშშ დოლარს შადგენს. ამა თუ იმ გარდაცვლილის სამუდამო განსასვენებლის მოძებნა სპეციალური ციფრული ბარათის მეშვეობითაა შესაძლებელი - სასაფლაოს წინ მდგარ აპარატში მისი მოთავსებისას ბუდას შესაბამისი ფიგურა ფერს იცვლის.

კომენტარები

ბოლო ამბები