Thumbnail

ნახეთ: Apple-მა ახალი მოწყობილობები წარადგინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ტექნოლოგიურმა კორპორაციამ Apple მომხმარებლებს 20 აპრილს გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე ახალი მოწყობილობები წარუდგინა. მათ შორისაა პლანშეტური კომპიუტერის iPad Pro ორი განახლებული ვერსია, iMac სერიის ახალი კომპიუტერი, ასევე, მოწყობილობა AirTag და Apple TV 4K.

► კომპანია Samsung ახალ მოწყობილობებს 28 აპრილს წარადგენს

iPad Pro-ს ორივე ვერსია Apple-ის მიერ შექმნილი 8-ბირთვიანი უმძლავრესი პროცესორით M1 არის აღჭურვილი, ოპერაციულ სისტემაზე iPadOS 14,5 მუშაობს და 5G მხარდაჭერით სარგებლობს. მათი ოპერატიული მეხსიერება 16GB-ია, შიდა მეხსიერება კი 128GB, 256GB, 512GB, 1TB ან 2TB. პლანშეტური კომპიუტერების ეკრანზე 12-მეგაპიქსელიანი კამერაა განლაგებული. iPad Pro-ს ერთ-ერთ მოდელს ახალი Mini LED დისპლეი აქვს, რომლის ზომაც 12,9 დუიმია. ამ მოწყობილობის წონა დაახლოებით 680 გრამს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი ფასი 1,099 აშშ დოლარიდან დაიწყება. რაც შეეხება მეორე ვერსიას, მას 11-დუიმიანი ეკრანი აქვს და 470 გრამამდე იწონის. როგორც ცნობილია, მისი საბაზისო მოდელი 799 აშშ დოლარი ეღირება. ახალი პლანშეტური კომპიუტერები Apple-ის მაღაზიებში მაისის ბოლოს გამოჩნდება, მათი წინასწარი შეკვეთა კი 30 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

iPad Pro სერიის ახალი პლანშეტური კომპიუტერები. ფოტო: Apple 

iMac სერიის ახალ კომპიუტერს 24-დუიმიანი ეკრანი აქვს, რომელიც გამოსახულების 4,5K გარჩევადობით ჩვენებას უზრუნველყოფს. ის Apple-ის 8-ბირთვიანი პროცესორით M1 არის აღჭურვილი და ოპერაციულ სისტემაზე macOS მუშაობს. მოწყობილობის საბაზისო მოდელს 8GB-იანი შიდა მეხსიერება აქვს, მისი მყარი დისკის ტევადობა კი 256GB-ია. აღსანიშნავია, რომ მსურველები 16GB-იანი შიდა მეხსიერებისა და 2TB-იანი მყარი დისკის მქონე ვერსიის შეძენასაც შეძლებენ. ახალი iMac-ის სისქე 11,5 მილიმეტრია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხმარებლებისთვის მისი ლურჯი, მწვანე, ვარდისფერი, ვერცხლისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი და იისფერი მოდელები იქნება ხელმისაწვდომი. როგორც ცნობილია, კომპიუტერი 1,299-დან 1,499 აშშ დოლარამდე ეღირება. მოწყობილობა Apple-ის მაღაზიებში მაისის ბოლოდან გაიყიდება, მისი წინასწარი შეკვეთა კი 30 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

iMac სერიის ახალ კომპიუტერი. ფოტო: Apple 

აღნიშნულ ტექნიკასთან ერთად, Apple-მა ღონისძიებაზე მოწყობილობა AirTag წარადგინა. ის კომპანიის მიერ შექმნილი ახალი აპლიკაციის Find My მეშვეობით მომხმარებლებს სასურველი ნივთებისთვის თვალყურის დევნების, დაკარგვის შემთხვევაში კი ბლუთუზის დახმარებით მათი ადვილად მიგნების საშუალებას მისცემს. მოწყობილობა დინამიკით, აქსელერატორითა და ელემენტით არის აღჭურვილი. Apple-ის წარმომადგენლების განცხადებით, AirTag-ის შეძენას მსურველები 30 აპრილიდან 29 აშშ დოლარად შეძლებენ.

Apple-ის ახალი მოწყობილობა AirTag. ფოტო: Apple 

რაც შეეხება Apple TV 4K-ს, ის პროცესორით A12 Bionic არის აღჭურვილი და სამგანზომილებიანი აუდიოსისტემით Dolby Atmos სარგებლობის საშუალებას იძლევა. მოწყობილობას ისეთ აპლიკაციებზე აქვს წვდომა, როგორებიცაა Apple TV+, Amazon Prime Video, Netflix, Disney+, HBO Max და ESPN. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple TV 4K-ს ფასი 179 აშშ დოლარიდან 199 აშშ დოლარამდე იქნება. მის შეძენას მსურველები მაისის ბოლოდან შეძლებენ.

სმარტფონების iPhone 12 და iPhone 12 mini იისფერი მოდელები. ფოტო: Apple 

Apple-მა ღონისძიებაზე საზოგადოებას სმარტფონების iPhone 12 და iPhone 12 mini იისფერი ვერსიაც წარუდგინა. როგორც ცნობილია, მათი გაყიდვა 30 აპრილიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ აქამდე მომხმარებლებისთვის ამ მოწყობილობების მხოლოდ შავი, თეთრი, წითელი, მწვანე და ცისფერი მოდელები იყო ხელმისაწვდომი. 

კომენტარები

ბოლო ამბები