Thumbnail

ნახეთ: ასტრონომებმა გიგანტურ ეგზოპლანეტას სურათი გადაუღეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ნიდერლანდებში მდებარე ლეიდენის უნივერსიტეტსა და აშშ-ის კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა გერმანელ, ბელგიელ და ჩილელ კოლეგებთან ერთად შორეული გიგანტური ეგზოპლანეტის პირდაპირი გამოსახულება მოიპოვეს. ამის შესახებ მათი ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა ახალი სუპერდედამიწა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა YSES 2b-ის სახელით ცნობილი ეგზოპლანეტა ატაკამის უდაბნოში განლაგებულ ტელესკოპზე VLT დამონტაჟებული ხელსაწყოთოი SPHERE დააფიქსირეს. აირისგან შედგენილი უზარმაზარი ციური სხეული იუპიტერზე 6,3-ჯერ მასიურია და ნარინჯისფერი ჯუჯის ტიპის ვარსკვლავის გარშემო, მისგან 115 ასტრონომიული ერთეულის მოშორებით მოძრაობს. YSES 2-ად წოდებული მნათობი ბუზის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 359 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ჯერ მხოლოდ 13,9 მილიონი წლისაა, ანუ განვითარების ადრეულ ეტაპზეა.

აირის გიგანტის YSES 2b და მისი ვარსკვლავის გამოსახულება. ფოტო: ESO

მეცნიერებისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ წარმოიქმნა YSES 2b, რადგან მასა და ვარსკვლავს შორის არსებული დიდი მანძილი ასტრონომიაში აღიარებულ არცერთ მოდელს შეესაბამება. ახლანდელი ადგილსამყოფლის გათვალისწინებით, ციური სხეული მატერიის შეერთების გზით გაზრდას ვერ შეძლებდა, რადგან მის გარშემო ნაწილაკების საკმარისი რაოდენობა არ იქნებოდა. ხოლო, თუ ეგზოპლანეტის ფორმირება პროტოპლანეტურ დისკში გრავიტაციული არასტაბილურობის შედეგია, მაშინ ის ბევრად მასიური უნდა იყოს. არ გამორიცხავენ, რომ YSES 2b მნათობთან ახლოს გაჩენილიყო, შემდეგ კი მას ნელ-ნელა დაშორებოდა, თუმცა ამისთვის მეორე ობიექტის მიზიდულობის ძალაა საჭირო. ზემოხსენებული ნარინჯისფერი ჯუჯის მიმდებარედ კი სპეციალისტებს სხვა პლანეტა არ აღმოუჩენიათ.

ვარსკვლავ ვეგას ორბიტაზე, შესაძლოა, გიგანტური ეგზოპლანეტა არსებობდეს

ნაშრომის ავტორები ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გიგანტურ ეგზოპლანეტაზე დაკვირვებას მომავალშიც გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ მსგავსი აირის გიგანტების ფორმირების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები