Thumbnail

კლიმატის ცვლილებამ დედამიწის ბრუნვის ღერძის გადანაცვლება გამოიწვია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიასა და დანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტთა მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა მყინვარების სწრაფმა დნობამ 1990-იან წლებში დედამიწის ბრუნვის ღერძის გადანაცვლებას შეუწყო ხელი. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამერიკული გეოფიზიკური კავშირის გამოცემაში Geophysical Research Letters ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ნეანდერტალელების გადაშენება, შესაძლოა, დედამიწის მაგნიტური პოლუსების გადანაცვლებას გამოეწვია

ჩვენი პლანეტის ბრუნვის ღერძი ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე გადის, რომლებიც სხვადასხვა გეოლოგიური პროცესის პარალელურად, მუდმივად მოძრაობენ, რაც სრულიად ნორმალური მოვლენაა. ამის მიუხედავად, დედამიწაზე წონის არათანაბარი გადანაწილების გამო 1995 წელს მათ სულ სხვა მიმართულებით - სამხრეთის მაგივრად, აღმოსავლეთისკენ დაიწყეს გადანაცვლება. იქიდან მოყოლებული 2020 წლამდე კი მათი გადაადგილების საშუალო სიჩქარე 1981-დან 1995 წლამდე პერიოდთან შედარებით, 17-ჯერ გაიზარდა.

დედამიწის გეოგრაფიული პოლუსების გადანაცვლების მთავარი მიზეზი ხმელეთზე არსებული მყინვარების დნობაა.

მკვლევართა განცხადებით, ამის მთავარი მიზეზი უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ხმელეთზე არსებული მყინვარების ლღვობის შედეგად დიდი რაოდენობით წყლის ოკეანეებში ჩადინებაა, რაც უმეტესწილად პოლარულ რეგიონებში ხდება. დანარჩენ მსოფლიოში პირიქით, ადამიანების მიერ მიწისქვეშა რეზერვუარების უკონტროლო გამოყენებას აქვს ადგილი, იქიდან ამოტუმბული სითხე კი უკან არ ბრუნდება. ნაშრომის ავტორთა თქმით, სწორედ ეს განაპირობებს პლანეტის პოლუსების და, შესაბამისად, მისი ბრუნვის ღერძის გადანაცვლებას.

კლიმატის ცვლილების გამო თეთრმა დათვებმა გრიზლებთან შეჯვარება დაიწყეს

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათი კვლევა დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე ადამიანების სამრეწველო საქმიანობის უარყოფით გავლენას უსვამს ხაზს. ისინი ირწმუნებიან, რომ ღერძის მსგავს გადანაცვლებას საგანგაშო შედეგები არ მოჰყვება. ამან, შესაძლოა, დღე-ღამის ხანგრძლივობა მხოლოდ რამდენიმე მილიწამით შეამოკლოს.

კომენტარები

ბოლო ამბები