Thumbnail

ნახეთ: NASA-ს ვერტმფრენმა მარსის ზედაპირს ფერადი ფოტოები გადაუღო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსმავალ Perseverance-სთან ერთად წითელ პლანეტაზე გაშვებულმა ვერტმფრენმა ჰაერში ყოფნისას ციური სხეულის ზედაპირს ფერადი ფოტოსურათები გადაუღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აპარატმა კადრების დაფიქსირება 22 აპრილს, მარსზე შესრულებული მეორე სატესტო ფრენის დროს შეძლო.

► ნახეთ: NASA-ს ვერტმფრენმა მარსზე რეკორდული სიჩქარე განავითარა

Ingenuity-ის სახელწოდებით ცნობილ ვერტმფრენზე დამონტაჟებულმა მაღალი გარჩევადობის კამერამ, რომელიც 4208 x 3120-პიქსელიანი სენსორითაა აღჭურვილი, წითელი პლანეტის ზედაპირს ზემოდან საერთო ჯამში სამი ფერადი სურათი გადაუღო. როგორც ცნობილია, ამ დროს ვერტმფრენი მარსის ატმოსფეროში 5,2 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. აპარატის მიერ დაფიქსირებულ კადრებზე ციური სხეულის გრუნტზე Perseverance-ის მიერ დატოვებული ნაკვალევია აღბეჭდილი. ამის გარდა, ორ ფოტოზე წითელი პლანეტის ზედაპირზე Ingenuity-ის ჩრდილი მოჩანს. აღსანიშნავია, რომ NASA-ს ვერტმფრენმა მარსზე პირველი ფერადი სურათი, რომელზეც გრუნტი და როვერის ორი ბორბალია ასახული, ჯერ კიდევ 3 აპრილს გადაიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 1,8 კილოგრამი წონის მქონე საფრენი აპარატი Perseverance-მა წითელი პლანეტის ზედაპირზე დაუშვა.

Ingenuity-ის მიერ მარსის ზედაპირისთვის გადაღებული ფოტოსურათები

ფოტო: NASA

Ingenuity-ის მიერ მარსის ზედაპირისთვის გადაღებული ფოტოსურათები

ფოტო: NASA

Ingenuity-ის მიერ მარსის ზედაპირისთვის გადაღებული ფოტოსურათები

ფოტო: NASA

შეგახსენებთ, რომ NASA-ს ვერტმფრენმა, რომლის ღირებულებაც 85 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მარსზე უკვე სამი მისია განახორციელა. პირველი ფრენის დროს, რომელიც 19 აპრილს შედგა, Ingenuity ციური სხეულის ატმოსფეროში 3 მეტრის სიმაღლეზე ავიდა და იქ დაახლოებით 40 წამი გაატარა. რაც შეეხება 22 აპრილს შესრულებულ მეორე მისიას, ამ შემთხვევაში ვერტმფრენმა დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლეს მიაღწია და ჰაერში 52 წამი დაჰყო. 25 აპრილს, მესამე სატესტო ფრენისას, რომელიც 80 წამის განმავლობაში გრძელდებოდა, აპარატმა მაქსიმალური სიჩქარის, 2 მ/წმ-ში განვითარება შეძლო და 50 მეტრის არეალში იმოძრავა.

როგორც ცნობილია, Ingenuity მარსზე საერთო ჯამში ხუთ ფრენას განახორციელებს, რა დროსაც მასზე დამონტაჟებული კამერა ციურ სხეულს სურათებსა და ვიდეოებს გადაუღებს. NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, მომავალი მისიების განმავლობაში მსგავსი საფრენი აპარატები მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებასა და წითელი პლანეტის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

► ნახეთ: Perseverance-მა მარსზე ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაქმნა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Ingenuity მარსმავალ Perseverance-სთან ერთად წითელი პლანეტისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. მისიის მიზანი, რომლის განსახორციელებლადაც საერთო ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, მარსის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა და იქ მდებარე ჯეზეროს კრატერში სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა. მეცნიერთა ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ამ ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. NASA მისიის ფარგლებში შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები