Thumbnail

ნახეთ: რა სიმაღლეზე შეძლებთ ახტომას სხვადასხვა ციურ სხეულზე

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩვენს მზის სისტემაში არსებული ციური სხეულები, მათ შორის პლანეტები და მათი ბუნებრივი თანამგზავრები ერთმანეთისგან არა მხოლოდ ზომით, მასითა თუ შემადგენლობით, არამედ მიზიდულობის ძალითაც განსხვავდებიან. გრავიტაცია სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფენომენია. სწორედ მისი დამსახურებით ვდგავართ მიწაზე მყარად, ხტუნვისას კი კონკრეტულ სიმაღლემდე ვაღწევთ.

ნახეთ: როგორ მოჩანს მზის ჩასვლა სხვადასხვა პლანეტიდან

იმის გაგებაში, თუ რა სიმაღლეზე შევძლებთ ახტომას ამა თუ იმ პლანეტაზე ყოფნისას, ცნობილი იუთუბ არხის Bright Side მიერ გამოქვეყნებული ვიდეო დაგვეხმარება. თავდაპირველად, უნდა ვახსენოთ დედამიწა, რომლის მიზიდულობის ძალაც ადამიანს ნახევარ მეტრზე ახტომის საშუალებას აძლევს. მერკურისა და მარსზე ეს მაჩვენებელი 1.2 მეტრი იქნება, ვენერაზე კი 0.6, რადგან ამ ციური სხეულისთვის დამახასიათებელი გრავიტაცია ჩვენი პლანეტისას მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდება. რაც შეეხება აირისგან შედგენილ იუპიტერსა და სატურნს, მათზე დადგომა ფიზიკურად შეუძლებელია, თუმცა მყარი ზედაპირის არსებობის შემთხვევაში, პირველზე სულ რაღაც 0.2 მეტრზე, ხოლო მეორეზე 0.4 მეტრზე ავხტებოდით. მეზობელ ყინულის გიგანტებზე, ნეპტუნსა და ურანზე კი 0.4 და 0.6 მეტრის სიმაღლემდე მივაღწევდით.

 

საინტერესოა ჩვენს მზის სისტემაში შემავალი შედარებით მცირე ზომის ობიექტებიც, რომელთა მიზიდულობის ძალა საკმაოდ სუსტია, რაც ბევრად მაღლა ახტომას უწყობს ხელს. მაგალითისთვის, კოიპერის სარტყელში მდებარე ჯუჯა პლანეტა პლუტონზე ეს მაჩვენებელი 7.6 მეტრი იქნება, მეტად მასიურ ერისზე 5.5 მეტრი, ასტეროიდთა სარტყელში განლაგებულ ცერერაზე კი რეკორდული 16 მეტრი.

სხვა პლანეტებზე ისეთივე წვიმის წვეთები მოდის, როგორიც დედამიწაზე

არ უნდა გამოგვრჩეს პლანეტების ბუნებრივი თანამგზავრები, მათ შორის ჩვენი მთვარე, რომლის გრავიტაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზღვებისა და ოკეანეების მიქცევ-მოქცევის პროცესზე. იქ 2.7 მეტრის სიმაღლეზე ავხტებოდით, ნეპტუნის კომპანიონ ტრიტონზე 5.8 მეტრზე, ხოლო სატურნის გარშემო მოძრავ ტიტანზე 3.3 მეტრზე. იუპიტერის უდიდეს მთვარე განიმედეზე ეს მაჩვენებელი 3 მეტრი იქნებოდა. რაც შეეხება მარსის თანამგზავრ ფობოსს, მასზე მოხვედრის შემთხვევაში, უმჯობესია, ზედაპირს არ მოვშორდეთ, რადგან ახტომისას მისი სუსტი მიზიდულობის გამო ღრმა კოსმოსში ამოვყოფთ თავს.

კომენტარები

ბოლო ამბები