Thumbnail

ბიგ ბენი 5-წლიანი რესტავრაციის შემდეგ კვლავ აჟღერდება

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობის, ელისაბედის კოშკის ხუთწლიანი რესტავრაციის შემდეგ ბიგ ბენის სახელით ცნობილი ზარი მომდევნო წლიდან კვლავ აჟღერდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უესტმინსტერის სასახლის შემადგენლობაში შემავალი კონსტრუქციის აღდგენითი სამუშაოებისთვის საერთო ჯამში 80 მილიონი გირვანქა სტერლინგია გამოყოფილი.

► ნახეთ: ბრაზილიაში ქრისტეს ახალ, 43-მეტრიან ქანდაკებას დგამენ

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ელისაბედის კოშკის რესტავრაცია მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტის განხორციელება კორონავირუსის პანდემიის გამო გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, 2017 წლის შემდეგ 13,7-ტონიანი ზარი, რომელიც ნაგებობის ოთხივე გვერდზე განლაგებულ საათებს უკავშირდება, მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად ააჟღერეს, მათ შორის მაშინ, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 1859 წელს ლონდონში ბიგ ბენის ხმა პირველად გაისმა, კოშკზე დამონტაჟებული საათის მექანიზმს ასე ხანგრძლივად მუშაობა არასდროს შეუწყვეტია.

ელისაბედის კოშკი რესტავრაციის დროს. 

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ელისაბედის კოშკზე საათის აღდგენილი მექანიზმის განთავსება ზაფხულიდან დაიწყება და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. მათივე თქმით, ციფერბლატზე განახლებული, ვიქტორიანული ეპოქის ფერებში შეღებელი ისრები დამაგრდება. საათის მექანიზმს ზარებს, მათ შორის ბიგ ბენს, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაუკავშირებენ. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მომავალი წლის ზაფხულიდან, ის მუშაობას განაახლებს.

ბიგ ბენის სახელით ცნობილი ზარი რესტავრაციის დროს. ფოტო: Jessica Taylor

აღსანიშნავია, რომ ელისაბედის კოშკს, რომლის მშენებლობაც 1858 წელს დასრულდა, ეს სახელი გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის საპატივსაცემოდ 2012 წლის სექტემბრიდან ეწოდა. რაც შეეხება ბიგ ბენს, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ზარის სახელწოდება უელსელ ინჟინერთან, ბენჟამინ ჰოლისთან არის დაკავშირებული, რომელიც მისი ჩამოსხმის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. მეორე ვერსიის თანახმად კი, ბიგ ბენს სახელი მე-19 საუკუნის ინგლისელი მოკრივის, ბენ კაინტის პატივსაცემად დაერქვა.

კომენტარები

ბოლო ამბები