Thumbnail

ჩინეთი ვარსკვლავთაშორისი მისიის განხორციელებას გეგმავს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის კოსმოსური სააგენტო (CNSA) ჩვენი მზის სისტემის მიღმა ორი ხომალდის გაგზავნას გეგმავს, რომლებიც ვარსკვლავთაშორის სივრცეში გააღწევენ. მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ მეორე სახელმწიფო იქნება, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. ამის შესახებ ქვეყნის მთვარის კვლევის პროგრამის ფარგლებში მომუშავე მეცნიერი, ვუ ვეირენი იუწყება.

რუსეთი და ჩინეთი მთვარეზე კვლევითი ბაზის მშენებლობას გეგმავენ

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის მიერ გაშვებული ზონდები აირის გიგანტად წოდებულ პლანეტა იუპიტერს ჩაუვლიან, მათგან ერთი კი ნეპტუნს ეწვევა. ამის შემდეგ ისინი ჩვენი მზის სისტემის კიდემდე მიაღწევენ და ჰელიოსფეროს შეისწავლიან - ბუშტისმაგვარ უზარმაზარ რეგიონს, სადაც ვარსკვლავისგან წამოსული დამუხტული ნაწილაკები გარემომცველ აირთან და მტვერთან ურთიერთქმედებენ. ეს ამ ზღვრული სივრცის და იქ არსებული პირობების შესახებ მეტის გაგებაში დაგვეხმარება.

ილუსტრაციაზე ჰელიოსფეროა ნაჩვენები.

როგორც ცნობილია, ჩინური ზონდები დედამიწას 100 ასტრონომიული ერთეულით დაშორდებიან. შედარებისთვის, ერთი ასტრონომიული ერთეული ჩვენს პლანეტასა და მზეს შორის არსებულ მანძილს უდრის, რაც დაახლოებით 150 მილიონ კილომეტრს შეადგენს. ეს მათ 2049 წლისთვის უნდა შეძლონ, რისთვისაც ქვეყანას კოსმოსური აპარატების გაგზავნა სამ წელში მოუწევს. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული თარიღი სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია - სწორედ ამ დროს უსრულდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას დაარსებიდან ასი წელი.

ნახეთ: ჩინურმა ორბიტერმა მარსის ახალი სურათები გადაიღო

აქამდე მსგავსი მანძილის დაფარვა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილმა ოთხმა ხომალდმა შეძლო. მეხუთე, სავარაუდოდ, ამავე ქვეყნის აპარატი New Horizons გახდება, ჩინური ზონდები კი მეექვსე და მეშვიდე პოზიციას დასჯერდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები