Thumbnail

ნახეთ: NASA-ს ვერტმფრენმა მარსმავალს Perseverance სურათი გადაუღო

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ წითელ პლანეტაზე გაშვებულმა ვერტმფრენმა ჰაერში ყოფნისას ციური სხეულის ზედაპირზე მარსმავალი Perseverance გადაიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფერადი სურათი, რომლის მარცხენა ზედა კუთხეშიც როვერია ნაჩვენები, აპარატის ობიექტივში 25 აპრილს, მარსზე შესრულებული მესამე სატესტო ფრენის დროს მოექცა.

► ნახეთ: NASA-ს ვერტმფრენმა მარსის ზედაპირს ფერადი ფოტოები გადაუღო 

Ingenuity-ის სახელწოდებით ცნობილ ვერტმფრენზე დამონტაჟებულმა მაღალი გარჩევადობის კამერამ, რომელიც 4208 x 3120-პიქსელიანი სენსორითაა აღჭურვილი, წითელი პლანეტის ზედაპირზე მარსმავალი 85 მეტრის დისტანციიდან დააფიქსირა. ფოტოზე, რომელიც აპარატმა მარსის ატმოსფეროში დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლეზე ყოფნისას გადაიღო, როვერთან ერთად ციური სხეულის გრუნტი და ჯეზეროს კრატერში მიმოფანტული ქვებია აღბეჭდილი. Ingenuity-მ წითელ პლანეტის ზედაპირს ზემოდან ფერადი სურათები თავისი მეორე მისიის დროსაც გადაუღო. აღნიშნულ კადრებზე ციური სხეულის გრუნტზე Perseverance-ის მიერ დატოვებული ნაკვალევია ასახული. ამის გარდა, ორ ფოტოზე წითელი პლანეტის ზედაპირზე ვერტმფრენის ჩრდილი მოჩანს.

Ingenuity-ის მიერ გადაღებული კადრი, რომელშიც მარსმავალი Perseverance მოხვდა. ფოტო: NASA

შეგახსენებთ, რომ NASA-ს ვერტმფრენმა, რომლის ღირებულებაც 85 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მარსზე უკვე სამი მისია განახორციელა. პირველი ფრენის დროს, რომელიც 19 აპრილს შედგა, Ingenuity ციური სხეულის ატმოსფეროში 3 მეტრის სიმაღლეზე ავიდა და იქ დაახლოებით 40 წამი გაატარა. რაც შეეხება 22 აპრილს შესრულებულ მეორე მისიას, ამ შემთხვევაში ვერტმფრენმა დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლეს მიაღწია და ჰაერში 52 წამი დაჰყო. 25 აპრილს, მესამე სატესტო ფრენისას, რომელიც 80 წამის განმავლობაში გრძელდებოდა, აპარატმა მაქსიმალური სიჩქარის, 2 მ/წმ-ში განვითარება შეძლო და 50 მეტრის არეალში იმოძრავა.

როგორც ცნობილია, Ingenuity მარსზე საერთო ჯამში ხუთ ფრენას განახორციელებს, რა დროსაც ვერტმფრენი დაახლოებით 90 მეტრის არეალში იმოძრავებს, მასზე დამონტაჟებული კამერა კი ციურ სხეულს სურათებსა და ვიდეოებს გადაუღებს. NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, მომავალი მისიების განმავლობაში მსგავსი საფრენი აპარატები მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებასა და წითელი პლანეტის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

► ნახეთ: NASA-ს ვერტმფრენმა მარსზე რეკორდული სიჩქარე განავითარა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Ingenuity მარსმავალ Perseverance-სთან ერთად წითელი პლანეტისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. მისიის მიზანი, რომლის განსახორციელებლადაც საერთო ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, მარსის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა და იქ მდებარე ჯეზეროს კრატერში სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა. მეცნიერთა ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ამ ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. NASA მისიის ფარგლებში შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები