Thumbnail

მარსზე მდინარეებისა და ტბების არსებობისთვის საჭირო პირობებს ღრუბლები ქმნიდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჩიკაგოს უნივერსიტეტსა და კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ მარსზე თხევადი მდინარეებისა და ტბების ხანგრძლივად შენარჩუნებას, სავარაუდოდ, ატმოსფეროს ზედა ფენაში განლაგებულმა ღრუბლებმა შეუწყო ხელი. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში PNAS ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ნახეთ: მარსის ცაზე მოძრავი ღრუბლები

წითელი პლანეტა ამჟამად უსიცოცხლოა, თუმცა 4 მილიარდი წლის წინ იქ მდინარეთა სისტემები და წყლის უზარმაზარი რეზერვუარები არსებობდა, თანაც დიდი ხნის განმავლობაში. როგორ გახდა ეს შესაძლებელი, მკვლევრებისთვის დღემდე გამოცანად რჩება, რადგან მზის ნაკლები მცხუნვარების გამო მარსი ისე არ თბებოდა, რომ ამისთვის შესაბამისი პირობები შექმნილიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს არაერთი მოსაზრება გამოითქვა. ერთ-ერთის მიხედვით, ციურ სხეულზე საჭირო ტემპერატურას შედარებით მაღლა მოძრავი ღრუბლები ქმნიდა. ისინი მზის სხივებს იჭერდნენ და მათ მარსის ზედაპირისკენ მიმართავდნენ, რასაც სათბურის ეფექტი ეწოდება. თავის დროზე გარკვეული შეუსაბამობების გამო მეცნიერებმა ეს ჰიპოთეზა უარყვეს, თუმცა ნაშრომის ავტორებმა მისი კიდევ ერთხელ გადასინჯვა გადაწყვიტეს.

მეცნიერთა აზრით, მარსზე მდებარე ჯეზეროს კრატერში ადრე ტბა იყო. ფოტო: NASA

სპეციალისტებმა ამისთვის სამგანზომილებიანი კომპიუტერული მოდელი შექმნეს, რომელიც მათ განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ მარსზე მიმდინარე ჰიდროლოგიური ციკლის უკეთ წარმოდგენაში დაეხმარა. კვლევის თანახმად, ზემოხსენებული ჰიპოთეზა იმ შემთხვევაში იმუშავებდა, თუ წითელი პლანეტის ზედაპირის მხოლოდ მცირე მონაკვეთები იქნებოდა ყინულით დაფარული, რაც ჰაერის სიმშრალეს შეუწყობდა ხელს. შედეგად, ღრუბლები არა დაბლა, არამედ ატმოსფეროს ზედა ფენებში წარმოიქმნებოდა და ციურ სხეულს გაათბობდა.

მეცნიერებმა მარსზე 4 მილიარდი წლის წინ მომხდარი წყალდიდობის კვალი აღმოაჩინეს

მეცნიერთა განცხადებით, დედამიწაზე წყლის წრებრუნვის პროცესი საკმაოდ სწრაფია, მარსზე კი ის დროში ბევრად გაწელილი იყო. წითელი პლანეტის ატმოსფეროში მოხვედრისას წყლის მოლეკულები იქ დაახლოებით 1 წელი რჩებოდნენ, რაც ღრუბლების მუდმივად არსებობას განაპირობებდა. შესაბამისად, მარსზე მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები