Thumbnail

ნახეთ: კომპანიამ Samsung ახალი ლეპტოპები წარადგინა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

სამხრეთკორეულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Samsung მომხმარებლებს 28 აპრილს გამართულ ონლაინ ღონისძიებაზე ახალი ლეპტოპები Galaxy Book Pro და Galaxy Book Pro 360 წარუდგინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოწყობილობების გაყიდვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 14 მაისიდან დაიწყება, მათი წინასწარ შეკვეთა კი უკვე შესაძლებელია.

► ნახეთ: Apple-მა ახალი მოწყობილობები წარადგინა

Galaxy Book Pro-ს საბაზისო მოდელს 13,3-დუიმიანი Super AMOLED ეკრანი აქვს, თუმცა მომხმარებლებისთვის მისი 15,6-დუიმიანი ვერსიაც იქნება ხელმისაწვდომი. ლეპტოპი ოპერაციულ სისტემაზე Windows 10 მუშაობს და Intel-ის მიერ წარმოებული მე-11 თაობის უმძლავრესი პროცესორით Tiger Lake, ასევე, გრაფიკული პროცესორით Iris Xe არის აღჭურვილი. პორტატულ კომპიუტერს 1-ტერაბაიტიანი მყარი დისკი აქვს, მისი LPDDR4X ტიპის ოპერატიული მეხსიერების ბარათის ტევადობა კი 8GB, 16GB ან 32GB-ია. მოწყობილობაში სამგანზომილებიანი აუდიოსისტემა Dolby Atmos არის ჩამონტაჟებული. 13,3-დუიმიანი ეკრანის მქონე მოდელის სისქე 11,2 მილიმეტრია, წონა კი 0,87 კილოგრამი. რაც შეეხება 15,6-დუიმიან Galaxy Book Pro-ს, ის 11,7 მილიმეტრი სისქისაა და 1,05 კილოგრამს იწონის.

ახალი ლეპტოპი Galaxy Book Pro. ფოტო: Samsung

Galaxy Book Pro 360-ის საბაზისო მოდელის Super AMOLED ეკრანის ზომაც 13,3 დუიმია, თუმცა მომხმარებლებისთვის მისი 15,6-დუიმიანი ვერსია ამ შემთხვევაშიც ხელმისაწვდომი იქნება. ლეპტოპი ოპერაციულ სისტემაზე Windows 10 მუშაობს და 5G მხარდაჭერით სარგებლობს. ის Intel-ის წარმოების მე-11 თაობის პროცესორით Tiger Lake და გრაფიკული პროცესორით Iris Xe არის აღჭურვილი. საბაზისო მოდელს 8GB ან 16GB-იანი LPDDR4X ტიპის ოპერატიული მეხსიერების ბარათი და 1-ტერაბაიტიანი მყარი დისკი აქვს. მოწყობილობაში სამგანზომილებიანი აუდიოსისტემა Dolby Atmos არის ჩამონტაჟებული. Galaxy Book Pro 360, რომლის ეკრანის ზომაც 13,3 დუიმია 11,5 მილიმეტრი სისქისაა და 1,04 კილოგრამს იწონის. რაც შეეხება ლეპტოპის 15,6-დუიმიან ვერსიას, მისი სისქე 11,9 მილიმეტრია, წონა კი 1,39 კილოგრამი.

ახალი ლეპტოპი Galaxy Book Pro 360. ფოტო: Samsung

Samsung-ის წარმომადგენლების განცხადებით, მსურველები ლურჯი, ვერცხლისფერი და ვარდისფერი Galaxy Book Pro-ს შეძენას შეძლებენ. როგორც ცნობილია, ის 1000-დან 1100 აშშ დოლარამდე ეღირება. რაც შეეხება Galaxy Book Pro 360-ს, მომხმარებლებისთვის მისი მუქი ლურჯი, ვერცხლისფერი და ბრინჯაოსფერი მოდელები იქნება ხელმისაწვდომი, რომელთა ფასიც 1200-დან 1300 აშშ დოლარამდეა განსაზღვრული.

კომენტარები

ბოლო ამბები