Thumbnail

მსოფლიოში მყინვარების დნობის ტემპი საგანგაშოდ დაჩქარდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

საფრანგეთში მდებარე ტულუზის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა მიერ ბრიტანელ, ნორვეგიელ, შვეიცარიელ და კანადელ კოლეგებთან ერთად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უკანასკნელ ათწლეულებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული მყინვარების დნობის ტემპი საგანგაშოდ დაჩქარდა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ანტარქტიდაზე არსებული შელფური მყინვარების მესამედს განადგურება ემუქრება

სპეციალისტებმა დედამიწის სხვადასხვა ნაწილში განლაგებული 217,175 მყინვარი შეისწავლეს. ისინი 21-ე საუკუნის პირველი ორი დეკადის განმავლობაში თითოეული მათგანის ცვლილებას დააკვირდნენ, რისთვისაც NASA-ს ხელოვნური თანამგზავრის Terra მიერ მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს. მეტი სიზუსტისთვის კი ეს უკანასკნელი ინდივიდუალური კვლევებით გაამყარეს. მეცნიერთა ანალიზმა ცხადყო, რომ 2000-დან 2019 წლამდე პერიოდში მყინვარები ყოველწლიურად 267 გიგატონა ყინულს კარგავდნენ, რაც წყლის დონის გლობალური მატების მეხუთედზეა პასუხისმგებელი.

უკანასკნელ ათწლეულებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული მყინვარების დნობის ტემპი საგანგაშოდ დაჩქარდა.

ნაშრომის ავტორთა განცხადებით, ბოლო ორ დეკადაში მყინვარებმა იმდენად სწრაფად დაიწყეს დნობა, რომ მათი მასა ყოველწლიურად ჩვეულებრივზე 48 გიგატონით მეტით მცირდებოდა. ამან წყლის დონის მატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია და აღნიშნული პროცესის დაჩქარება გამოიწვია. მათი გამოთვლებით, საუბარია 0.74 მილიმეტრზე, დანარჩენი სითხის ოკეანეებში ჩადინება კი გრენლანდიასა და ანტარქტიდაზე არსებული ყინულის საფარის ლღვობითა თუ გლობალური დათბობის თანმდევი სხვა მოვლენებითაა განპირობებული.

საუკუნის ბოლოსთვის ზაფხული, შესაძლოა, 6 თვე გაგრძელდეს

მეცნიერთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ცუდი სიტუაცია ჰიმალაის მთათა სისტემაში აღინიშნება, რის გამოც ამ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, კერძოდ, ინდოეთისა და ბანგლადეშის მოსახლეობას, შესაძლოა, ახლო მომავალში წყლისა და საკვების დეფიციტი შეექმნას. მკვლევრები ფიქრობენ, რომ მათი მიგნება კლიმატის ცვლილების სავალალო შედეგებისთვის უკეთ მომზადებაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები