Thumbnail

ჩინეთში ავიარეისი უჩვეულო მიზეზის გამო გაუქმდა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჩინეთში მდებარე ქალაქებს, ვეიფანსა და ჰაიკოუს შორის დაგეგმილი ავიარეისი უჩვეულო მიზეზის გამო გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივი ავიაკომპანიის GX Airlines წარმომადგენლებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც თვითმფრინავის ძრავში ჩაყრილი ხურდა ფული აღმოაჩინეს.

► ნახეთ: აშშ-ში ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ავიალაინერის სიახლოვეს ლითონის ფული აეროპორტის თანამშრომლებმა შენიშნეს და ამის შესახებ ეკიპაჟს შეატყობინეს. ხანმოკლე გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ ერთ-ერთმა მგზავრმა გაფრენის წინ იღბლისთვის საფრენი აპარატის ძრავში წითელ ქაღალდში გახვეული ექვსი მონეტა ჩააგდო. ჩადენილი ქმედების აღიარების შემდეგ, ის სამართალდამცველებმა დააკავეს. ცნობილია, რომ აეროპორტის თანამშრომლებმა ძრავიდან ხურდების ამოღება შეძლეს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ფრენა მაინც გაუქმდა. ამის გამო ავიალაინერის 148 მგზავრი იძულებული გახდა ვეიფანიდან ჰაიკოუს მიმართულებით შემდეგ რეისს დალოდებოდა, რომელიც მომდევნო დღეს იყო ჩანიშნული.

ხურდა ფული, რომელიც ჩინელმა მამაკაცმა თვითმფრინავის ძრავში იღბლისთვის ჩაყარა. ფოტო: Qinxh

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევები ჩინეთში საკმაოდ ხშირია. მაგალითისთვის, 2019 წელს ამ მიზეზით 28 წლის მამაკაცი, ლუ ჩაო დააკავეს. მას ცოლთან და ვაჟთან ერთად თვითმფრინავით პირველად უნდა ემგზავრა, თუმცა მას შემდეგ, რაც წარმატებული ფრენისთვის ავიალაინერის ძრავში ორი მონეტა ჩააგდო, რეისი გაუქმდა. ჩაომ საპატიმროში ათი დღე გაატარა და ავიაკომპანიას კომპენსაციის სახით დაახლოებით 20 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა. ამავე წელს სამართალდამცველებმა 66 წლის ქალიც დააკავეს, რომელმაც შიდა მონღოლეთის ავტონომიური რაიონის მიმართულებით გაფრენამდე თვითმფრინავის ძრავში ლითონის ექვსი მონეტა ჩააგდო.

► იტალიაში ტურისტი პლაჟიდან ქვიშის მოპარვისთვის დააჯარიმეს

ჩინეთის კანონმდებლობის მიხედვით, პირებს, რომლებიც ავიაკომპანიების საქმიანობას აფერხებენ, ათდღიანი პატიმრობა ემუქრებათ და ჯარიმის სახით 500 იუანის (დაახლოებით 80 აშშ დოლარი) გადახდა უწევთ. ამის გარდა, თვითმფრინავის მგზავრები, რომლებიც აღნიშნულ კანონს დაარღვევენ, ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ, შესაძლოა, შავ სიაში შეიყვანოს, რის შემდეგაც მათ ავიარეისებით სარგებლობა აეკრძალებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები