Thumbnail

ნახეთ: ეგვიპტეში პრედინასტიური პერიოდის სამარხები აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

არქეოლოგებმა ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე დაკაჰლიის მუჰაფაზის ტერიტორიაზე წარმოებული გათხრებისას ასზე მეტი სამარხი აღმოაჩინეს, რომელთა უმეტესობაც პრედინასტიულ პერიოდს, ანუ იმ ეპოქას მიეკუთვნება, როდესაც ფარაონები ჯერ კიდევ არ არსებობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტრო ავრცელებს.

ნახეთ: ეგვიპტეში 3000 წლის წინანდელი "დაკარგული ოქროს ქალაქი" აღმოაჩინეს

სპეციალისტებმა სამარხებს მდინარე ნილოსის დელტის მიმდებარედ, კუმ ელ-ხულგანის სახელით ცნობილ არქეოლოგიურ ზონაში მიაკვლიეს. მათგან 73 ოვალური ფორმისაა და 5,500-5,000 წლებს შორის პერიოდიდანაა შემორჩენილი, როდესაც ეგვიპტე გაერთიანების პროცესში იმყოფებოდა. ზოგიერთ საფლავში ჩასვენებულ ნეშტს ფეხები მოკეცილი აქვს და მარცხენა მხარზე, თავით დასავლეთისკენ წევს. მეცნიერებმა ქოთანში მოთავსებული ბავშვის ჩონჩხიც ამოთხარეს. გარდაცვლილებს, ძირითადად, თიხისგან დამზადებული, გეომეტრიული ფიგურებით გაფორმებული ჭურჭელი აქვთ ჩაყოლებული.

ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარხები

ფოტო: Egyptian Ministry of Antiquities

ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარხები

ფოტო: Egyptian Ministry of Antiquities

ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარხები

ფოტო: Egyptian Ministry of Antiquities

ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარხები

ფოტო: Egyptian Ministry of Antiquities

ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარხები

ფოტო: Egyptian Ministry of Antiquities

დანარჩენი 37 სამარხი ეგვიპტის მეორე გარდამავალ პერიოდს ეკუთვნის, რომელიც ახალი სამეფოს შექმნას უსწრებს წინ და ძველი წელთაღრიცხვით 1640-1540 წლებს მოიცავს. ამ დროს ქვეყნის სათავეში აზიელი ტომები, ჰიქსოსები მოექცნენ, რომლებმაც ქალაქი ავარისი დააარსეს და დაახლოებით 140 წელი იბატონეს. ეს საფლავები მართკუთხა ფორმისაა და მათში ნეშტები გამართულ მდგომარეობაშია ჩასვენებული. მკვლევრებმა იქ, ასევე, ღუმელები, კერამიკული ნაკეთობები, სამკაულები და ალიზის საძირკვლის ნანგრევებიც აღმოაჩინეს.

ნახეთ: ეგვიპტეში ფარაონების აღლუმი გაიმართა

მეცნიერთა აზრით, ახალი მიგნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის ეგვიპტის ისტორიის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება. უახლოეს მომავალში ისინი მდინარე ნილოსის დელტაში გათხრების გაგრძელებას გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ კიდევ მრავალ საინტერესო არტეფაქტს მოიპოვებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები