Thumbnail

პანდემიის დროს საცხოვრებლად საუკეთესო ადგილები გამოავლინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკულმა გამოცემამ Bloomberg კორონავირუსის პანდემიის დროს საცხოვრებლად საუკეთესო ადგილები გამოავლინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალისტებმა ამისთვის მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა COVID-19-ზე ტექსტირებისა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის, ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის, გადაადგილების თავისუფლებისა და სხვა მსგავსი მაჩვენებლების მიხედვით შეაფასეს.

► ნახეთ: მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ქვეყნების რუკა 2021 წლისთვის

Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, რომელიც აპრილის თვის მონაცემების საფუძველზეა შედგენილი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ქალაქ-სახელმწიფო, სინგაპური ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევები თითქმის ნულამდეა დასული, რაც სპეციალისტების განმარტებით, მკაცრმა საკარანტინო პოლიტიკამ და საზღვრების ჩაკეტვამ გამოიწვია. შედეგად, ადგილობრივებს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელების საშუალება მიეცათ. ამის გარდა, COVID-19-ზე ვაქცინაცია უკვე სინგაპურის მოსახლეობის მეხუთედს ჩაუტარდა. 

რეიტინგის პირველ ათეულში სინგაპურთან ერთად კიდევ სამი აზიური სახელმწიფო - ტაივანი, სამხრეთ კორეა და იაპონია, ასევე, ჩინეთის შემადგენლობაში შემავალი ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი მოხვდა. 

პანდემიის დროს საცხოვრებლად საუკეთესო ადგილების რეიტინგის ათეული გამოცემა Bloomberg-ის მიხედვით.

ჩამონათვალში მეორე ადგილს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფო, ახალი ზელანდია იკავებს. აღსანიშნავია, რომ ის Bloomberg-ის მიერ მარტის თვეში გამოქვეყნებული რეიტინგის ლიდერი იყო. აპრილის თვის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის ნულ პროცენტს შეადგენს, COVID-19-ზე ვაქცინაცია კი ახალი ზელანდიის მოსახლეობის 1,9 პროცენტს ჩაუტარდა.

მესამე პოზიციას რეიტინგში ავსტრალია იკავებს. ამ ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა აპრილში 0,2 პროცენტი შეადგინა, ვაქცინაცია კი მისი მოსახლეობის 3,7 პროცენტს ჩაუტარდა.

► ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში საცხოვრებლად ყველაზე უსაფრთხო ადგილები გამოავლინეს

პანდემიის დროს საცხოვრებლად საუკეთესო ადგილების რეიტინგის ათეულში ზემოაღნიშნულ ქვეყნებთან ერთად მოხვდნენ ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ფინეთი. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში ჩინეთი მე-12, ამერიკის შეერთებული შტატები მე-17, დიდი ბრიტანეთი მე-18, ხოლო რუსეთი 22-ე პოზიციაზეა. რეიტინგში ბოლო ადგილზე კი ბრაზილია იმყოფება, სადაც აპრილში ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 4,3 პროცენტი შეადგინა. ამავე თვის მონაცემებით, ქვეყნის ყოველი 100 ათასი მოქალაქიდან ვირუსით საშუალოდ 935 დაინფიცირდა, COVID-19-ზე ვაქცინაცია კი ბრაზილიის მოსახლეობის 9,7 პროცენტს ჩაუტარდა.

კომენტარები

ბოლო ამბები