Thumbnail

ნახეთ: ჰაბლის ტელესკოპმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა დააფიქსირა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ დედამიწის ორბიტაზე გაშვებულმა ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა მის ობიექტივში მოხვედრილი ყველაზე ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზე მყოფი ეგზოპლანეტის PDS 70b გამოსახულება მოიპოვა. ხელსაწყოს მეშვეობით აღნიშნული ციური სხეული აშშ-ში მდებარე ტექსასისა და არიზონის უნივერსიტეტებში მომუშავე ასტრონომებმა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში მოღვაწე კოლეგებთან ერთად შეისწავლეს. ამის შესახებ მათი ნაშრომი გამოცემაში The Astronomical Journal გამოქვეყნდა.

ნახეთ: ასტრონომებმა გიგანტურ ეგზოპლანეტას სურათი გადაუღეს

PDS 70b ცის სამხრეთ ნახევარსფეროში, კენტავრის თანავარსკვლავედში მდებარე ნარინჯისფერი ჯუჯის ტიპის ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, რომელიც ჩვენგან 370 სინათლის წლითაა დაშორებული. მისი ორბიტა მნათობისგან 21 ასტრონომიული ერთეულის მანძილზეა განლაგებული, რაც დაახლოებით ურანსა და მზეს შორის არსებულ დისტანციას უტოლდება. ეგზოპლანეტა უმეტესწილად აირისგანაა შედგენილი და თითქმის იუპიტერის ზომისაა, მისი მასა კი ამ უკანასკნელისას ხუთჯერ აღემატება.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ დაფიქსირებული ეგზოპლანეტა PDS 70b. ფოტო: Joseph DePasquale

მეცნიერთა განცხადებით, PDS 70b მხოლოდ 5 მილიონი წლისაა და გარშემო არსებული აირისა და მტვრის მიერთების პროცესშია, რაც მას ზრდაში ეხმარება. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ მოპოვებულ ულტრაიისფერ გამოსახულებებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მატერია ეგზოპლანეტის შიგნით მაგნიტური ველის მეშვეობით, სვეტებად ჩაედინება და ერთგვარ ცხელ წერტილებს ქმნის. ნაშრომის ავტორთა თქმით, ამ არეალში მინიმუმ ათჯერ მაღალი ტემპერატურაა, ვიდრე ზოგადად ციურ სხეულზე.

მეცნიერებმა ახალი სუპერდედამიწა აღმოაჩინეს

მკვლევართა გამოთვლებით, თუ PDS 70b მატერიის მიზიდვას მომდევნო 1 მილიონი წლის განმავლობაშიც იმავე ტემპით განაგრძობს, მას იუპიტერის მასის კიდევ 1/100 მოემატება. ამის მიუხედავად, ფიქრობენ, რომ ეზოპლანეტა ფორმირებას მალე დაასრულებს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ პროცესის შესწავლა აირის გიგანტებად წოდებული ციური სხეულების ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის.

კომენტარები

ბოლო ამბები