Thumbnail

ნახეთ: Crew Dragon-მა დედამიწის ორბიტაზე რეკორდული დრო გაატარა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კომპანია SpaceX-ის ხომალდით Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ამერიკელი ასტრონავტები - მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი, შენონ ვოქერი და იაპონელი სოიჩი ნოგუჩი დედამიწაზე დაბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ Resilience-ის სახელით ცნობილმა კაფსულამ ამერიკული წარმოების კოსმოსური აპარატებიდან ეკიპაჟიანი მისიის ფარგლებში ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ყველაზე მეტი დრო გაატარა.

► ნახეთ: ხომალდით Crew Dragon კოსმოსში ოთხი ასტრონავტი გაფრინდა

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასული წლის 16 ნოემბერს, ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით Falcon 9 ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს. კაფსულა, რომლის ბორტზეც ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მისიაში Crew 1 მონაწილე ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ, ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავ მოდულს მეორე დღეს მიუერთდა. Resilience-მა ორბიტაზე საერთო ჯამში 168 დღე გაატარა, რის შემდეგაც ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს გამოეყო, დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა და ფლორიდის შტატში მდებარე ქალაქ პანამა სიტის სანაპიროსთან 2 მაისს, თბილისის დროით 10:56 საათზე უსაფრთხოდ დაეშვა.

 

აქამდე დედამიწის გარშემო მოძრავ მოდულზე ამერიკული წარმოების ხომალდით განხორციელებულ ყველაზე ხანგრძლივ ეკიპაჟიან მისიად Skylab 4 მიიჩნეოდა, რომლის ფარგლებშიც კომპანიის Rockwell International მიერ შექმნილი აპარატით Apollo CSM-118 ჩვენი პლანეტის ორბიტაზე NASA-ს ასტრონავტები ჯერალდ კარი, ედუარდ გიბსონი და უილიამ პოუგი ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 1973 წლის 16 ნოემბერს გაფრინდნენ. ხომალდმა პირველ ამერიკულ კოსმოსურ სადგურზე Skylab, რომელიც 1973 წლის მაისიდან 1974 წლის თებერვლამდე ფუნქციონირებდა, თითქმის 84 დღე გაატარა.

► Crew Dragon-ის მე-4 ეკიპაჟიანი ფრენა 23 ოქტომბერს შედგება

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების რუსული "სოიუზის" ტიპის ხომალდების გამოყენების გარეშე, გაცილებით ბიუჯეტურ ფასად გასაგზავნად შეიქმნა. თუ ბოლო დრომდე NASA ერთი ადამიანის ორბიტაზე გასაყვანად დაახლოებით 80 მილიონ დოლარს იხდიდა, SpaceX-ის ხომალდით კოსმოსში ფრენის ღირებულება 20 მილიონამდე დოლარია. Crew Dragon-ის მრავალჯერადი გამოყენებით კი, დროთა განმავლობაში ამ თანხის კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი.

კომენტარები

ბოლო ამბები