Thumbnail

NASA-ს ვერტმფრენმა მარსზე სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსმავალ Perseverance-თან ერთად წითელ პლანეტაზე გაშვებულმა ვერტმფრენმა ციურ სხეულზე მეოთხე ფრენა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ამ მისიის განმავლობაში აპარატმა კიდევ უფრო ფართო არეალში მოძრაობა და სიჩქარის ახალი რეკორდის დამყარება შეძლო.

► ნახეთ: NASA-ს ვერტმფრენმა მარსმავალს Perseverance სურათი გადაუღო

NASA-ს როვერის მიერ ჩვენს პლანეტაზე გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, Ingenuity-ის სახელწოდებით ცნობილ ვერტმფრენი მარსზე მდებარე ჯეზეროს კრატერიდან 30 აპრილს, თბილისის დროით 18:49 საათზე აფრინდა. 1,8 კილოგრამი წონის მქონე აპარატი ციური სხეულის ატმოსფეროში, ისევე, როგორც მეორე და მესამე მისიისას, 5 მეტრის სიმაღლეზე ავიდა, თუმცა ამჯერად დაახლოებით 133 მეტრის არეალში იმოძრავა და თითქმის 3,6 მ/წმ სიჩქარის განვითარება შეძლო. როგორც ცნობილია, ვერტმფრენმა ჰაერში 117 წამი გაატარა, რა დროსაც ის Perseverance-ზე დამონტაჟებულმა კამერამ Mastcam-Z დააფიქსირა. მეოთხე სატესტო ფრენის განმავლობაში Ingenuity-მ წითელი პლანეტის ზედაპირს 60 შავ-თეთრი და 5 ფერადი, 13-მეგაპიქსელიანი ფოტო გადაუღო.

Perseverance-ის მიერ დაფიქსირებული Ingenuity მარსზე შესრულებული მეოთხე სატესტო ფრენის დროს. ფოტო: NASA  

NASA-ს ვერტმფრენმა, რომლის ღირებულებაც 85 მილიონი აშშ დოლარია, მარსზე პირველი ფრენა 19 აპრილს შეასრულა. ამ დროს Ingenuity ციური სხეულის ატმოსფეროში 3 მეტრის სიმაღლეზე ავიდა და იქ დაახლოებით 40 წამი გაატარა. რაც შეეხება 22 აპრილს განხორციელებულ მეორე მისიას, ამ შემთხვევაში საფრენმა აპარატმა დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლეს მიაღწია და ჰაერში 52 წამი დაჰყო. 25 აპრილს, მესამე სატესტო ფრენისას, რომელიც 80 წამის განმავლობაში გრძელდებოდა, ვერტმფრენმა 2 მ/წმ სიჩქარის განვითარება შეძლო და 50 მეტრის არეალში იმოძრავა.

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს ცნობით, Ingenuity მარსზე კიდევ ერთ ფრენას შეასრულებს, რა დროსაც მასზე დამონტაჟებული კამერა ციური სხეულისთვის სურათებისა და ვიდეოების გადაღებას შეეცდება. NASA-ს წარმომადგენლების განცხადებით, მომავალი მისიების განმავლობაში მსგავსი საფრენი აპარატები მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებასა და წითელი პლანეტის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

► მარსზე მდინარეებისა და ტბების არსებობისთვის საჭირო პირობებს ღრუბლები ქმნიდა

Ingenuity მარსმავალ Perseverance-სთან ერთად წითელი პლანეტისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვეს. მისიის მიზანი, რომლის განსახორციელებლადაც საერთო ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, მარსის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა და იქ მდებარე ჯეზეროს კრატერში სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა. მეცნიერთა ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ამ ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. NASA მისიის ფარგლებში შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები