Thumbnail

აშშ-ის არმია შექმნის რობოტებს, რომელთაც ნამდვილი კუნთები ექნებათ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის კვლევით ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერები სამხედრო ტექნოლოგიის გაუმჯობესებას ცდილობენ და ისეთი ბიოჰიბრიდული რობოტების შექმნა სურთ, რომელთაც ცოცხალი ქსოვილისგან შედგენილი კუნთები ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მეცნიერებმა ხელოვნური კუნთი შექმნეს, რომელიც ვარჯიშის შედეგად იზრდება

დაწესებულების თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ნამდვილი ქსოვილის ან უჯრედების მექანიზმთან ინტეგრაციის იდეა 2000-იან წლებში გაჩნდა, შესაბამისად, ბიოჰიბრიდული რობოტიკა საკმაოდ ახალგაზრდა დისციპლინაა. ლაბორატორიაში მომუშავე სპეციალისტების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ სწორედ კუნთი მოექცა, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების სხეულში ენერგიის შენახვას უზრუნველყოფს და მოძრაობას აკონტროლებს. მეცნიერთა აზრით, მსგავსი ბიოლოგიური კომპონენტების მეშვეობით რობოტები ადვილად მანევრირებადები და მეტად მოქნილები გახდებიან, ასევე, უფრო სწრაფად და დიდხანს იფუნქციონირებენ.

 მეცნიერებს ისეთი ბიოჰიბრიდული რობოტების შექმნა სურთ, რომელთაც ცოცხალი ქსოვილისგან შედგენილი კუნთები ექნებათ.

დღესდღეობით აშშ-ის არმიის განკარგულებაში არსებული რობოტები, რომელთაც ტვირთის გადატანა და გარემოს გადაღება ევალებათ, ოთხი ბორბლით გადაადგილდებიან და საჭირო ენერგიას ელემენტების საშუალებით იღებენ, რაც მათ ეფექტიანობას ამცირებს. მსგავსი მოწყობილობების შედარებით უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ადგილებში გაგზავნა არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული. მეცნიერთა თქმით, ამას მათი ამძრავი სისტემა განაპირობებს. კუნთების საშუალებით კი რობოტებს სხვადასხვა გარემო პირობებთან შეგუება და მოულოდნელი დაბრკოლებების უსაფრთხოდ გადალახვა შეეძლებათ.

მეცნიერებმა ბაყაყის კანის უჯრედებისგან ცოცხალი რობოტები შექმნეს

სპეციალისტები ამჟამად ცდილობენ გაარკვიონ, როგორ დააკავშირონ კუნთები მექანიკურ ნაწილებთან, რათა მათ რობოტის ასამოძრავებლად ელექტრული ან ქიმიური იმპულსები გადასცენ. წინასწარი ინფორმაციით, ამგვარი დანიშნულების ორგანულ ქსოვილებს ლაბორატორიაში გაზრდიან, თუმცა მანამდე კიდევ ბევრი კვლევის ჩატარება იქნება საჭირო.

კომენტარები

ბოლო ამბები