Thumbnail

მეცნიერებმა მარსზე ახალი სახის მყინვარები აღმოაჩინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კანადაში მდებარე ლავალისა და დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მოღვაწე კოლეგებთან ერთად მარსზე ახალი სახის მყინვარები აღმოაჩინეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Icarus გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

მარსზე მდინარეებისა და ტბების არსებობისთვის საჭირო პირობებს ღრუბლები ქმნიდა

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ასტრონომებმა წითელი პლანეტის შესწავლისას არაერთი უჩვეულო გეოლოგიური წარმონაქმნი დააფიქსირეს, რომელთა ფორმირებაც, შესაძლოა, მიწისქვეშა მყინვარებს უკავშირდებოდეს. მათ შორისაა ხეობებში გაჩენილი ზოლები და კლდეების ძირში დაგროვებული ქვის ნაშალი. ისინი ძალიან ჰგვანან დედამიწაზე, კერძოდ კი ანტარქტიდაზე არსებულ ყინულის ნაკადებს, ანუ მოძრავ მასას, რომელიც გადაადგილების შედეგად ციური სხეულის ზედაპირის ცვლილებას იწვევს.

სურათზე არკადია პლანიტიას დაბლობზე არსებული მყინვარული წარმონაქმნებია ნაჩვენები, ფოტო: NASA

მეცნიერებმა მსგავსი, კლაკნილი სტრუქტურის მქონე წარმონაქმნები აღმოაჩინეს მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე, არკადია პლანიტიას სახელით ცნობილ დაბლობზეც, რომელიც ლავის დინების გამო სწორი ზედაპირით გამოირჩევა და კრატერებით ნაკლებადაა დაფარული. ნაშრომის ავტორებს მათ მიკვლევაში სხვადასხვა ხელსაწყოს მიერ მოპოვებული ისეთი მონაცემები დაეხმარა, როგორიცაა ზედაპირის არეკვლისუნარიანობა, მისი ტემპერატურა დღისა და ღამის განმავლობაში, არეალის ტოპოგრაფიული მახასიათებლები და სხვა აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონში წყალბადის დიდი რაოდენობა შეინიშნება, რაც, შესაძლოა, იქ ყინულის არსებობაზე მიანიშნებდეს.

მეცნიერებმა მარსზე 4 მილიარდი წლის წინ მომხდარი წყალდიდობის კვალი აღმოაჩინეს

დედამიწაზე ყინულის ამგვარ ნაკადს დინებისთვის ქვემოთ განლაგებული წყლის თხელი ფენა და დამრეცი რელიეფი ესაჭიროება. არკადია პლანიტიას დაბლობი კი პირიქით, საკმაოდ მოსწორებულია. უცნობია ისიც, არის ან იყო თუ არა იქ ოდესმე ყინულქვეშა რეზერვუარები. არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული პროცესი მარსზე სულ სხვაგვარად მიმდინარეობდეს. მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად სპეციალისტები კვლევის გაგრძელებას აპირებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები