Thumbnail

ნახეთ: ედინბურგის ზოოპარკში ჯუჯა ბეჰემოთი დაიბადა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

დიდ ბრიტანეთში მდებარე ედინბურგის ზოოპარკში, რომელსაც ხშირად შოტლანდიის ეროვნული ზოოლოგიური პარკის სახელითაც მოიხსენიებენ, უიშვიათესი ჯუჯა ბეჰემოთი დაიბადა. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის წარმომადგენელი მდედრი ძუძუმწოვარი, რომლისთვისაც სახელი ჯერ არ შეურჩევიათ, ქვეყანას ჯერ კიდევ 17 აპრილს მოევლინა, თუმცა ფართო საზოგადოებას ის მხოლოდ მცირე ხნის წინ წარუდგინეს.

► ნახეთ: დისნეის პარკში თეთრი მარტორქა დაიბადა

ედინბურგის ზოოპარკის ბინადარი ჯუჯა ბეჰემოთების, ოტოსა და გლორიას ნაშიერი დაახლოებით შვიდი თვე მუცლად ყოფნის შემდეგ, 5,4 კილოგრამი წონის დაიბადა. როგორც ცნობილია, ამჟამად ის უკვე 8,4 კილოგრამს იწონის. ძუძუმწოვართა ოჯახი შოტლანდიის სამეფო ზოოლოგიური საზოგადოების (RZSS) განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. ეს საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ედინბურგის ზოოპარკს კურირებს, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობების გადარჩენას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაწესებულება ვიზიტორებისთვის 26 აპრილს გაიხსნა, ახალშობილი ჯუჯა ბეჰემოთის მონახულება კი 3 მაისიდან გახდა შესაძლებელი.

 

"ჩვენი ზოოპარკის ახალი ბინადარი თავს ძალიან კარგად გრძნობს, ის დღითიდღე იზრდება და ძლიერდება. რადგან ძუძუმწოვარი ჯერ კიდევ პატარაა, მის მოსანახულებლად გარკვეული საათები დავაწესეთ, რათა დედა-შვილს დრო მივცეთ, რომ ვიზიტორებს შეეჩვიონ. ჩვილის განვითარებისთვის პირველი 30 დღე ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ორივეს განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით. ვგეგმავთ, რომ ახალშობილს სახელი უახლოეს რამდენიმე კვირაში შევურჩიოთ", - განაცხადა ედინბურგის ზოოპარკის წარმომადგენელმა, ჯონი ეფლიარდმა მედიასთან საუბარში.

► სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნებს COVID-19-ზე ვაქცინაცია ჩაუტარდათ

ჯუჯა ბეჰემოთები დასავლეთ აფრიკაში, კერძოდ კი ლიბერიაში, სიერა ლეონეში, გვინეასა და კოტ ივუარში მდებარე ტყეებსა და ჭაობებში ბინადრობენ. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ინფორმაციით, ამ დროისთვის ველურ გარემოში აღნიშნული სახეობის 3 ათასზე ნაკლები წარმომადგენელია შემორჩენილი. სპეციალისტების განცხადებით, ჯუჯა ბეჰემოთების გადაშენებას ტყეების გაჩეხვა, ძუძუმწოვართა საცხოვრებელი არეალის შემცირება და არახელსაყრელი გარემოპირობები, ასევე, ბრაკონიერების მიერ მათზე ნადირობა უწყობს ხელს.

კომენტარები

ბოლო ამბები