Thumbnail

ჩინური რაკეტა დედამიწაზე, სავარაუდოდ, 8 მაისს ჩამოვარდება

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს (CNSA) კუთვნილი რაკეტის Long March 5B პირველი საფეხური, რომელიც დაახლოებით 21 ტონას იწონის, დედამიწაზე, სავარაუდოდ, 8 მაისს ჩამოვარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. ობიექტის ადგილმდებარეობისთვის თვალყურის დევნება ვებგვერდზე Space Track არის შესაძლებელი.  

► ნახეთ: ჩინური რაკეტის ნაწილი სკოლის სიახლოვეს ჩამოვარდა

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ჩინური რაკეტის ნაწილი, რომლის სიგრძე 30 მეტრს, ხოლო გარშემოწერილობა თითქმის 5 მეტრს შეადგენს, შესაძლოა, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდეს. სპეციალისტების ვარაუდით, ის დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ნიუ იორკის, მადრიდის ან პეკინის, ხოლო პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში, ჩილეს ან ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე დაეცემა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2021-035B-ის სახელით ცნობილი ობიექტი ამჟამად ჩვენგან 200 კილომეტრით არის დაშორებული. როგორც ცნობილია, Long March 5B-ის პირველი საფეხური დაახლოებით 30,000 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება.

რაკეტის Long March 5B გაშვება 29 აპრილს, ხაინანის კუნძულზე განლაგებული ვენჩანის კოსმოდრომიდან. ფოტო: CNSA

აღსანიშნავია, რომ კომპანია CALT-ის მიერ შექმნილი Long March 5B-ის ნაწილები გასული წლის მაისში აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ კი კოტ დ’ივუარის ტერიტორიაზე ჩამოცვივდა, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა დაზიანდა. ამავე წლის სექტემბერში კი კიდევ ერთი ჩინური რაკეტის, ამჯერად Long March 4B-ს პირველი საფეხური ამ აზიური ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შანსის პროვინციაში მდებარე სოფელ ლილონგის სკოლასთან ჩამოვარდა. დასახლებული პუნქტებისთვის ზიანის მიყენების თავიდან არიდების მიზნით ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ ყვითელ ზღვაში მცურავი კოსმოდრომი ააშენა, საიდანაც მიმდინარე წელს სამი რაკეტის გაშვებას გეგმავს. 

► ჩინეთმა კოსმოსური ხომალდი მთვარეს შეაჯახა, რათა ის ორბიტულ ნარჩენად არ ქცეულიყო  

აღმოსავლეთ აზიაში მდებარე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში უდიდესმა სახელმწიფომ Long March 5B ხაინანის კუნძულზე განლაგებული ვენჩანის კოსმოდრომიდან 29 აპრილს გაუშვა. რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე ჩინეთის მიერ მშენებარე კოსმოსური სადგურის Tiangong ძირითადი ნაწილი გაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავი ახალი მოდულის აგება 2022 წლისთვის დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები