Thumbnail

მეცნიერებმა ყველაზე აგრესიული ძაღლის ჯიშები გამოავლინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ფინეთში მდებარე ჰელსინკის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ჩატარებული მასშტაბური კვლევის საფუძველზე ყველაზე აგრესიული ძაღლის ჯიშები გამოავლინეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Scientific Reports ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ახალი კვლევა მოწმობს, რომ გარდატეხის ასაკი ძაღლებსაც აქვთ

სპეციალისტებმა სულ 23 ჯიში შეისწავლეს, რაც მათ 9 ათასზე მეტი ძაღლის ქცევაზე დაკვირვების გზით შეძლეს. თითოეულის შესახებ მონაცემები მეცნიერებმა პატრონების მიერ შევსებული კითხვარების მეშვეობით მოიპოვეს. ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ აგრესიულობით ყველაზე მეტად დიდ ბრიტანეთში მე-19 საუკუნეში გამოყვანილი გრძელბალნიანი კოლი გამოირჩევა. პირველ ხუთეულში მას ჯუჯა პუდელი, ცვერგშნაუცერი, გერმანული ნაგაზი და ესპანური წყლის ძაღლი მოსდევს. სხვებზე ნაკლებად კი ეს თვისება თვინიერებითა და სიმშვიდით სახელგანთქმულ ლაბრადორებსა და ოქროსფერ რეტრივერებს ახასიათებთ.

ყველაზე მეტად და ნაკლებად აგრესიული ძაღლის ჯიშები - გრძელბალნიანი კოლი და ლაბრადორი.

მკვლევართა განცხადებით, ძაღლების აგრესიულობას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად, მამრობითი სქესის წარმომადგენლებში, პატარა ზომის ჯიშებსა და ხნიერ ინდივიდებში აღნიშნული თვისება უფრო მეტად შესამჩნევია. დიდი მნიშვნელობა აქვს პატრონის გამოცდილებასაც. თუ ის ახალბედაა, ეს მისი ოთხფეხა მეგობრის ქცევაზეც აისახება. ასევე, ამ უკანასკნელზე გავლენას ახდენს სხვა ცხოველებთან ურთიერთობის სიხშირეც.

ქვიზი: გამოიცანი ძაღლის ჯიში ფოტოს მიხედვით

აგრესიულობა, შესაძლოა, შიშმა, ქრონიკულმა ტკივილმა და ასაკთან დაკავშირებულმა ისეთმა პრობლემებმაც გამოიწვიოს, როგორიც შეგრძნებების დაქვეითებაა. ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ წინა კვლევებმა პირველ ადგილზე მყოფი გრძელბალნიანი კოლის ჯიშის ძაღლებში სწორედ მოჭარბებული შიშის განცდა გამოავლინა, ჯუჯა პუდელებსა და ცვერგშნაუცერებში კი უცნობი ადამიანებისადმი აგრესია. მეცნიერები მომავალ პატრონებს მოუწოდებენ, რომ ოთხფეხა მეგობრები ყველა ამ წინაპირობის გათვალისწინებით შეარჩიონ.

კომენტარები

ბოლო ამბები