Thumbnail

მოუსმინეთ: ვენერადან მომავალი რადიოსიგნალის აუდიო ვერსია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მზის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა Parker პლანეტა ვენერასთან ჩავლისას მისი ატმოსფეროდან მომავალი რადიოსიგნალი დააფიქსირა, რომელიც მეცნიერებმა აუდიო ფორმატში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ახალი მონაცემები მათ ციური სხეულის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარა, რის შესახებაც დეტალურად გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნებულ ნაშრომშია საუბარი.

ნახეთ: კოსმოსურმა ხომალდმა BepiColombo ვენერას ფონზე სელფები გადაიღო

ვენერა ასტრონომთა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რადგან ის ზომითა და შემადგენლობით ძალიან ჰგავს დედამიწას. ამის მიუხედავად, ამ ორი ციური სხეულის ევოლუცია განსხვავებულად წარიმართა, რის შედეგადაც ჩვენი მეზობელი პლანეტა იქ არსებული მაღალი ტემპერატურის გამო ამჟამად კომპლექსური სიცოცხლისთვის არათავსებადია. NASA-ს ზონდი ვენერას 2020 წლის 11 ივლისს, მისიის განმავლობაში მესამედ მიუახლოვდა, რათა მისი მიზიდულობის ძალა მზისკენ მიმავალ გზაზე ტრაექტორიის გასასწორებლად და მოძრაობის ასაჩქარებლად გამოეყენებინა. ბუნებრივი წარმოშობის დაბალი სიხშირის რადიოსიგნალი ხომალდმა სწორედ ობიექტის ზედაპირიდან 833 კილომეტრი მანძილზე ჩავლისას, მის იონოსფეროში დააფიქსირა.

 

ეს ზონდმა მასზე დამონტაჟებული ხელსაწყოს FIELDS საშუალებით მოახერხა, რომელიც მზის ატმოსფეროში ელექტრული და მაგნიტური ველების გასაზომადაა შექმნილი. ვენერაზე მსგავსი დაკვირვების შესაძლებლობა ბოლოს NASA-ს ხელოვნურ თანამგზავრს Pioneer Venus Orbiter 1992 წელს ჰქონდა, როცა ჩვენი მნათობი თავის თერთმეტწლიანი ციკლის ფარგლებში მაქსიმალური აქტიურობის ფაზაში იმყოფებოდა, განსხვავებით 2020 წლის ივლისისგან. ძველი და ახალი მონაცემების შედარებამ აჩვენა, რომ ვენერას იონოსფეროს სიმკვრივე ვარსკვლავის ჩაცხრომის პარალელურად შეიცვალა და ის ბევრად თხელი გახდა.

ნახეთ: NASA-მ ვენერას ახალი ფოტოსურათი გაავრცელა

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვენერას ატმოსფეროზე მზის გავლენის შესწავლა პლანეტის განვითარების ეტაპების უკეთ გარკვევაში დაგვეხმარება. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი მიგნების მეშვეობით შევძლებთ დავადგინოთ, როგორ იქცა ოდესღაც დედამიწის მსგავსი ციური სხეული ისეთად, როგორიც დღესაა.

კომენტარები

ბოლო ამბები