Thumbnail

აფრიკაში ჰომო საპიენსის უძველესი სამარხი აღმოაჩინეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

გერმანიის მაქს პლანკის სახელობის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში მომუშავე არქეოლოგებმა თავის კენიელ კოლეგებთან ერთად აფრიკაში 78 ათასი წლის წინანდელ სამარხს მიაკვლიეს. აღსანიშნავია, რომ ეს ამ კონტინენტზე დღემდე აღმოჩენილი უძველესი საფლავია, რომელიც ჰომო საპიენსს ეკუთვნის. მეცნიერთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

► ნახეთ: ეგვიპტეში პრედინასტიური პერიოდის სამარხები აღმოაჩინეს

შუა ქვის ხანის სამარხს არქეოლოგებმა კენიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პანგა ია საიდის გამოქვაბულში ჯერ კიდევ 2013 წელს მიაკვლიეს, თუმცა საფლავიდან ნაშთების სრულად ამოღება მხოლოდ 2017 წელს მოხერხდა. სპეციალისტებმა ისინი შესასწავლად ჯერ ნაირობის ეროვნულ მუზეუმში, მოგვიანებით კი ესპანეთში მდებარე კაცობრიობის ევოლუციის ეროვნული კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაში გაგზავნეს. მეცნიერთა ვარაუდით, ჩონჩხი სამ წლამდე ბავშვს უნდა ეკუთვნოდეს, რომელსაც მათ მტოტო უწოდეს. კენიაში მცხოვრები სუაჰილის ხალხის ენაზე ეს სიტყვა სწორედ ბავშვს აღნიშნავს.

პანგა ია საიდის გამოქვაბულში მიკვლეულ სამარხში აღმოჩენილი ნაშთები. ფოტო: Maria Martinon-Torres

მკვლევართა განცხადებით, ნეშტი სპეციალურად ამოჭრილ პატარა ორმოში ნაყოფის პოზიციაში ესვენა. მათივე თქმით, გარდაცვლილს თავი, სავარაუდოდ, ბალიშის მსგავს საყრდენზე ედო, მისი სხეული კი სუდარაში უნდა ყოფილიყო გახვეული. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებმა ბავშვის სქესის დადგენა ამ დრომდე ვერ შეძლეს. მეცნიერების თქმით, მტოტოს ფიზიკური აგებულება თანამედროვე ჰომო საპიენსისას ძალიან წააგავს, თუმცა მათ შორის მცირე განსხვავებაც შეინიშნება.

სამარხში მტოტოს ძვლების განლაგების ვირტუალური რეკონსტრუქცია. ფოტო: Jorge Gonzalez / Elena Santos

მართალია, პანგა ია საიდის გამოქვაბულში მიკვლეული საფლავი აფრიკაში უძველესადაა მიჩნეული, თუმცა არქეოლოგებმა ევრაზიის ტერიტორიაზე ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსის გაცილებით ადრეულ, 120 ათასი წლის წინანდელ სამარხებს მიაგნეს. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ აფრიკის კონტინენტის უკეთ ათვისების შემთხვევაში, იქ პრეისტორიული ხანის უფრო ძველი საფლავებიც აღმოაჩინონ.   

კომენტარები

ბოლო ამბები