Thumbnail

დედამიწისკენ მომავალ უკონტროლო ჩინურ რაკეტას სურათი გადაუღეს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

იტალიელმა ასტრონომებმა ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს (CNSA) კუთვნილი რაკეტის Long March 5B დედამიწისკენ მომავალ უკონტროლო პირველ საფეხურს სურათი გადაუღეს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელთა ვარაუდით, ობიექტი, რომელიც დაახლოებით 21 ტონას იწონის, ჩვენს პლანეტაზე 8 მაისს ჩამოვარდება.

► ნახეთ: ჩინური რაკეტის ნაწილი სკოლის სიახლოვეს ჩამოვარდა

ასტრონომებმა ავიაკოსმოსური ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიის CALT მიერ შექმნილი რაკეტა იტალიაში განლაგებული ტელესკოპების კომპლექსის Virtual Telescope Project საშუალებით 6 მაისს, თბილისის დროით 7:32 საათზე დააფიქსირეს. როგორც ცნობილია, სურათის გადაღების დროს Long March 5B-ს პირველი საფეხური ჩვენგან 700 კილომეტრით იყო დაშორებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2021-035B-ის სახელით ცნობილი ობიექტი, დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 30,000 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება.

ასტრონომების მიერ დაფიქსირებული ჩინური რაკეტის Long March 5B პირველი საფეხური. ფოტო: Gianluca Masi

სპეციალისტების განცხადებით, ჩინური რაკეტის ნაწილი, რომლის სიგრძე 30 მეტრს, ხოლო გარშემოწერილობა თითქმის 5 მეტრს შეადგენს, შესაძლოა, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდეს. მათი ვარაუდით, ის დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ნიუ იორკის, მადრიდის ან პეკინის, ხოლო პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში, ჩილეს ან ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე დაეცემა. აღსანიშნავია, რომ Long March 5B-ის ნაწილები გასული წლის მაისში აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ კი კოტ დ’ივუარის ტერიტორიაზე ჩამოცვივდა, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა დაზიანდა. ამავე წლის სექტემბერში კი კიდევ ერთი ჩინური რაკეტის, ამჯერად Long March 4B-ს პირველი საფეხური ამ აზიური ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შანსის პროვინციაში მდებარე სოფელ ლილონგის სკოლასთან ჩამოვარდა.

► ჩინეთმა კოსმოსური ხომალდი მთვარეს შეაჯახა, რათა ის ორბიტულ ნარჩენად არ ქცეულიყო

აღმოსავლეთ აზიაში მდებარე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში უდიდესმა სახელმწიფომ Long March 5B ხაინანის კუნძულზე განლაგებული ვენჩანის კოსმოდრომიდან 29 აპრილს გაუშვა. რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე ჩინეთის მიერ მშენებარე კოსმოსური სადგურის Tiangong ძირითადი ნაწილი გაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავი ახალი მოდულის აგება 2022 წლისთვის დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები