Thumbnail

ნახეთ: უკონტროლო ჩინური რაკეტა დედამიწაზე ჩამოვარდა

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს (CNSA) კუთვნილი რაკეტის Long March 5B უკონტროლო პირველი საფეხური, რომელიც დაახლოებით 21 ტონას იწონიდა, დედამიწაზე ჩამოვარდა. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2021-035B-ის სახელით ცნობილი ობიექტი ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში 9 მაისს, თბილისის დროით 6:15 საათზე შემოიჭრა და მისი ნაწილები მალდივის რესპუბლიკის ჩრდილოეთით, ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა.

► ჩინეთმა კოსმოსური ხომალდი მთვარეს შეაჯახა, რათა ის ორბიტულ ნარჩენად არ ქცეულიყო  

თავდაპირველი ვარაუდის მიხედვით, არსებობდა საფრთხე, რომ Long March 5B-ის პირველი საფეხური, რომლის სიგრძე 30 მეტრს, ხოლო სიგანე თითქმის 5 მეტრს შეადგენდა, დასახლებულ პუნქტში ჩავარდნილიყო. სპეციალისტების წინასწარი გამოთვლებით, ის, შესაძლოა, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ნიუ იორკის, მადრიდის ან პეკინის, ხოლო პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში, ჩილეს ან ახალი ზელანდიის ტერიტორიაზე დაცემულიყო. რაკეტის ნაწილების ჩაცვენას, ასევე, წყნარ ოკეანეში ვარაუდობდნენ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ 2021-035B დედამიწის ორბიტაზე საკმაოდ სწრაფად, დაახლოებით 30,000 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა, მისი ჩამოვარდნის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის წინასწარ განსაზღვრა ვერ მოხერხდა.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანია CALT-ის მიერ შექმნილი Long March 5B-ის ნაწილები გასული წლის მაისში აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ კი კოტ დ’ივუარის ტერიტორიაზე ჩამოცვივდა, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა დაზიანდა. ამავე წლის სექტემბერში კი კიდევ ერთი ჩინური რაკეტის, ამჯერად Long March 4B-ს პირველი საფეხური ამ აზიური ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, შანსის პროვინციაში მდებარე სოფელ ლილონგის სკოლასთან ჩამოვარდა. დასახლებული პუნქტებისთვის ზიანის მიყენების თავიდან არიდების მიზნით ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ ყვითელ ზღვაში მცურავი კოსმოდრომი ააშენა, საიდანაც მიმდინარე წელს სამი რაკეტის გაშვებას გეგმავს.

► ნახეთ: ჩინური რაკეტის ნაწილი სკოლის სიახლოვეს ჩამოვარდა

აღმოსავლეთ აზიაში მდებარე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში უდიდესმა სახელმწიფომ Long March 5B ხაინანის კუნძულზე განლაგებული ვენჩანის კოსმოდრომიდან 29 აპრილს გაუშვა. რაკეტამ დედამიწის ორბიტაზე ჩინეთის მიერ მშენებარე კოსმოსური სადგურის Tiangong ძირითადი ნაწილი გაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრავი ახალი მოდულის აგება 2022 წლისთვის დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები