Thumbnail

ნახეთ: ილონ მასკმა გაამხილა, რომ ასპერგერის სინდრომი აქვს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა მიმდინარე წლის 8 მაისს ამერიკული ტელეარხის NBC ეთერში გასულ მუსიკალურ-იუმორისტულ შოუში Saturday Night Live განაცხადა, რომ ასპერგერის სინდრომი აქვს. მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი მაყურებლების წინაშე წამყვანის ამპლუაში წარსდგა, საკუთარი დიაგნოზის შესახებ კი გადაცემის მონოლოგში ისაუბრა.

ილონ მასკი: მარსზე მოგზაურობისას, შესაძლოა, ბევრი ადამიანი დაიღუპოს

"Saturday Night Live-ის წაყვანა ჩემთვის დიდი პატივია, ეს ნამდვილად ასეა. ამ სიტყვების გამეორება ხშირად მიწევს ხალხის დასარწმუნებლად, რომ რასაც ვამბობ, ზუსტად იმას ვგულისხმობ. ამის მიზეზი ისაა, რომ საუბრისას ინტონაციური მრავალფეროვნება არ მახასიათებს. ზოგის აზრით, ეს საკმაოდ კომიკურია. უნდა ითქვას, რომ ისტორიული დღეა, რადგან ასპერგერის სინდრომის მქონე პირველი ადამიანი ვარ, რომელსაც Saturday Night Live მიჰყავს. ყოველ შემთხვევაში, პირველი, რომელმაც ეს აღიარა. ასე რომ, შოუს დღევანდელ სტუმრებთან თვალებით კონტაქტს არ დავამყარებ", - განაცხადა ილონ მასკმა.

 

ასპერგერის სინდრომი ნევროლოგიური დარღვევაა, რომელიც აუტიზმის სპექტრში ერთიანდება. ის ავსტრიელმა პედიატრმა, ჰანს ასპერგერმა 1944 წელს აღმოაჩინა, როდესაც შენიშნა, რომ პაციენტთა ნაწილს გარკვეული სოციალური უნარები დაქვეითებული ჰქონდა. ამ დიაგნოზის მქონე პირებს რამდენიმე ძირითადი სიმპტომი აღენიშნებათ. მათ ადამიანებთან კომუნიკაცია, სახის გამომეტყველებისა და სხეულის ენის წაკითხვა უჭირთ. ასევე, განმეორებითი, რუტინული ქცევები ახასიათებთ და აკვიატებული ინტერესის სფეროები აქვთ, რომლებზეც ლაპარაკი დაუსრულებლად შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ემოციებს იშვიათად გამოხატავენ, სხვებთან თვალებით კონტაქტს გაურბიან და მონოტონურად საუბრობენ, რის გამოც მათ მიერ წარმოთქმული ფრაზები უჩვეულოდ ჟღერს.

ილონ მასკმა საკუთარ თავს "მარსის იმპერატორი" უწოდა

ასპერგერის სინდრომი უფრო მეტად მამაკაცებშია გავრცელებული და დაახლოებით ორი წლის ასაკიდან იჩენს თავს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი დიაგნოზის მქონე პირები გონებრივი შესაძლებლობებითა და ინტელექტით სხვებს არათუ ჩამოუვარდებიან, არამედ ხშირად ჯობნიან კიდეც. ამის ერთ-ერთ მაგალითი სწორედ ექსცენტრიკულობით გამორჩეული ილონ მასკია, რომელმაც საკუთარი მიზანდასახულობითა თუ ცოდნით არაერთ წარმატებას მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენს ადამიანების მარსზე წაყვანა სურს, რისთვისაც კოსმოსურ ხომალდს Starship ცდის. მისი კომპანიის მიერ წარმოებული რაკეტითა და კაფსულით ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მგზავრობენ, პროექტ Starlink-ის ფარგლებში დედამიწის გარშემო განლაგებული ხელოვნური თანამგზავრების თანავარსკვლავედი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფს. ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla, რომლის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მასკია, საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებლით ისეთ ცნობილ კორპორაციებს გადაუსწრო, როგორებიც არიან Coca-Cola, Disney, PayPal, Cisco, Merck და სხვა. მისი ბიოტექნოლოგიური სტარტაპი Neuralink კი უკვე რამდენიმე წელია, ულტრათხელი ელექტროდების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც ტვინში იმპლანტაციის შემდეგ ნეირონების სტიმულირებას მოახდენენ. იქ მომუშავე მეცნიერების მიზანი ზურგის ტვინის ტრავმით გამოწვეული კიდურების სრული ან ნაწილობრივი დამბლის მქონე, მხედველობა და სმენადაკარგული, ასევე ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მკურნალობაა.

კომენტარები

ბოლო ამბები