Thumbnail

ახალი კვლევის თანახმად, ჟირაფების არა 1, არამედ 4 სახეობა არსებობს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მდებარე ზენკენბერგის სახელობის ბიომრავალფეროვნებისა და კლიმატის ცვლილების კვლევით ცენტრში მომუშავე მეცნიერები ჩინელ, ამერიკელ, ნამიბიელ და რუს კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ ჟირაფების არა ერთი, არამედ ოთხი სხვადასხვა სახეობა არსებობს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Current Biology ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

მდედრი ჟირაფები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, როცა მეგობრები ჰყავთ

მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში აფრიკის კონტინენტზე მობინადრე ჟირაფთა ტრადიციულად აღიარებული ქვესახეობების 50 წარმომადგენლის გენომი შეისწავლეს, რომელიც ამ ბალახისმჭამელ ცხოველთა შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს. თითოეული ინდივიდის დნმ-ის შედარებითმა ანალიზმა მათ შორის არსებული განსხვავებები გამოავლინა, რომელთა საფუძველზეც სპეციალისტებმა აღნიშნული წყვილჩლიქოსნების ოთხი სახეობა გამოავლინეს. ესენი არიან: ჩრდილოური, სამხრეთული, ბადისებრი და მასაის ჟირაფები, რომლებიც გარეგნულად ერთმანეთს ჰგვანან და შვიდ ქვესახეობად იყოფიან.

ჩრდილოური, სამხრეთული, ბადისებრი და მასაის ჟირაფები. ფოტო: Daily Mail

მკვლევართა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოხსენებული სახეობები ერთმანეთს დაახლოებით 230-370 ათასი წლის წინ გამოეყვნენ, როდესაც ამ ოთხმა მემკვიდრეობითმა ხაზმა დამოუკიდებლად განაგრძო განვითარება. ჟირაფების გენომზე დაკვირვებამ აჩვენა ისიც, რომ ველურ ბუნებაში განსხვავებული დნმ-ის მქონე ცხოველების შეჯვარების ფაქტები იშვიათად, ან საერთოდ არ ფიქსირდებოდა. თუმცა, ნაშრომის ავტორთა განცხადებით, გარკვეულ გარემოპირობებში მსგავსი რამ გამორიცხული არაა.

ნახეთ: აფრიკაში ჯუჯა ჟირაფები აღმოაჩინეს

მეცნიერთა აზრით, ახალი მიგნება ჟირაფების ავოლუციის შესახებ მეტის გაგებაში და სახეობების გადარჩენაში დაგვეხმარება. როგორც ცნობილია, ბოლო საუკუნეში აფრიკაში მათი რიცხვი 117 ათასამდე შემცირდა, მხოლოდ ჩრდილოური ჟირაფების რაოდენობა კი 6 ათასს შეადგენს. მათთვის უმთავრეს საფრთხეს ბრაკონიერები და ადამიანების მიერ ამ ცხოველის საცხოვრებელი არეალის სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება წარმოადგენს

კომენტარები

ბოლო ამბები