Thumbnail

მოუსმინეთ: ხმა, რომელსაც NASA-ს ვერტმფრენი მარსზე ფრენისას გამოსცემს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ახალი ვიდეო გამოქვეყნა, რომელშიც ისმის ხმა, რომელსაც მარსზე გაშვებული ვერტმფრენი Ingenuity ციური სხეულის ატმოსფეროში ფრენის დროს გამოსცემს. კადრების დაფიქსირება მარსმავალზე Perseverance დამონტაჟებულმა კამერამ Mastcam-Z შეძლო, აუდიომასალა კი EDL-ის სახელით ცნობილმა მიკროფონმა ჩაიწერა.

► მოუსმინეთ: ხმა, რომელსაც Perseverance მარსზე გადაადგილებისას გამოსცემს

ვიდეოს დასაწყისში, რომელიც Ingenuity მიერ 30 აპრილს მარსზე შესრულებული მეოთხე სატესტო მისიის დროსაა გადაღებული, წითელ პლანეტაზე არსებული ქარის ხმა ისმის. ამის შემდეგ კი იმ ხმის მოსმენაა შესაძლებელი, რომელსაც ფრენისას აპარატის როტორები გამოსცემენ, რომელთა ბრუნვის სიხშირეც წუთში თითქმის 2,400-ს შეადგენს. როგორც ცნობილია, Perseverance-მა აუდიომასალა 80 მეტრის დისტანციიდან ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ ამ მისიის განმავლობაში ვერტმფრენი წითელი პლანეტის ატმოსფეროში 5 მეტრის სიმაღლეზე ავიდა, 133 მეტრის არეალში იმოძრავა და რეკორდული, დაახლოებით 3,6 მ/წმ სიჩქარის განვითარება შეძლო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან ჰაერში 117 წამი დაჰყო.

 

ვერტმფრენმა, რომლის ღირებულებაც 85 მილიონი აშშ დოლარია, მარსზე პირველი ფრენა 19 აპრილს შეასრულა. ამ დროს Ingenuity ციური სხეულის ატმოსფეროში 3 მეტრის სიმაღლეზე ავიდა და იქ დაახლოებით 40 წამი გაატარა. რაც შეეხება 22 აპრილს განხორციელებულ მეორე მისიას, ამ შემთხვევაში მან დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლეს მიაღწია და ჰაერში 52 წამი დაჰყო. 25 აპრილს, მესამე სატესტო ფრენისას, რომელიც 80 წამის განმავლობაში გრძელდებოდა, აპარატმა 2 მ/წმ სიჩქარის განვითარება შეძლო და 50 მეტრის არეალში იმოძრავა. უკანასკნელი მისია Ingenuity- 7 მაისს შეასრულა, რა დროსაც ის 129 მეტრის მანძილზე გაფრინდა და დანიშნულების ადგილამდე მისვლის შემდეგ რეკორდულ, 10 მეტრის სიმაღლეს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი გეგმის მიხედვით, Ingenuity-ის მარსზე 31 დღის განმავლობაში საერთო ჯამში მაქსიმუმ ხუთ ფრენა უნდა შეესრულებინა, თუმცა, ვინაიდან ვერტმფრენმა გამოცდა საკმაოდ წარმატებით გაიარა, NASA-ს წარმომადგენლებმა მისიების დამატების გადაწყვეტილება მიიღეს. მათი განცხადებით, მომავალში მსგავსი საფრენი აპარატები მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებასა და წითელი პლანეტის უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება.

► NASA-ს ვერტმფრენი მარსზე რეკორდულ სიმაღლეზე აფრინდა

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ Ingenuity მარსმავალ Perseverance-სთან ერთად წითელი პლანეტისკენ რაკეტით Atlas V ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან 2020 წლის 30 ივლისს გაუშვა. მისიის მიზანი, რომლის განსახორციელებლადაც საერთო ჯამში 2,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო, მარსის გეოლოგიური მახასიათებლების შესწავლა და იქ მდებარე ჯეზეროს კრატერში სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი ნიშნების მოძიებაა. მეცნიერთა ვარაუდით, რამდენიმე მილიარდი წლის წინ ამ ადგილზე ტბა და მდინარის დელტა იყო. NASA მისიის ფარგლებში შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას 2031 წლისთვის გეგმავს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი შემთხვევა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები