Thumbnail

ზვიგენები სახლისკენ გზის გასაგნებად დედამიწის მაგნიტურ ველს იყენებენ

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ტალაჰასიში მდებარე ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სანაპირო და საზღვაო ლაბორატორიაში მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, თავჩაქუჩა ზვიგენები სახლისკენ გზის გასაგნებად დედამიწის მაგნიტურ ველს იყენებენ. ამის შესახებ მკვლევართა ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.

► ნახეთ: მეცნიერებმა მანათობელი ზვიგენები აღმოაჩინეს

ზოგიერთი სახეობის წყლის ბინადრები, მათ შორის, ზვიგენები მიგრაციას მიმართავენ, რა დროსაც საკუთარ საცხოვრებელ არეალს ტოვებენ და ასობით კილომეტრის მანძილზე გაცურვის შემდეგ კვლავ უკან ბრუნდებიან. ვინაიდან ხრტილიანი თევზების კლასის აღნიშნული წარმომადგენლები ელექტრომაგნიტური ველების მიმართ ძალზე მგრძნობიარენი არიან, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ეს უნარი, შესაძლოა, მათ სახლისკენ გზის გაგნებაში ეხმარებოდეს.

 

საკუთარი მოსაზრების დასადასტურებლად მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ფლორიდის შტატის სანაპიროსთან ოცი თავჩაქუჩა ზვიგენები დაიჭირეს და აუზში მოათავსეს, სადაც მაგნიტური ველი ხელოვნურად წარმოქმნეს. როდესაც მკვლევრებმა აუზში მათი საცხოვრებელი არეალისთვის დამახასიათებელი მაგნიტური ველი შექმნეს, თევზებმა უწესრიგოდ დაიწყეს ცურვა. ამის შემდეგ სპეციალისტები ზვიგენების გადაადგილებას ამ ტერიტორიის სამხრეთით არსებული მაგნიტური ველის გავლენის ქვეშ დააკვირდნენ. ამ შემთხვევაში, მათ აუზის ჩრდილოეთ ნაწილისკენ ანუ სახლისკენ გაცურეს.

ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ, როდესაც თევზები საკუთარი საცხოვრებელი არეალის ჩრდილოეთით არსებული მაგნიტური ველის გავლენის ქვეშ მოექცნენ, მათ ცურვისთვის კონკრეტული მიმართულება არ აურჩევიათ. სპეციალისტების განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ თავჩაქუჩა ზვიგენები, როგორც წესი, მიგრაციის დროს ჩრდილოეთით არ მიემართებიან, ამიტომ, იქ არსებული მაგნიტური ველის საორიენტაციოდ გამოყენება სამხრეთისკენ გასაცურად არ უწევთ.

► ნახეთ: მეცნიერებმა მოსიარულე ზვიგენების 4 ახალი სახეობა აღწერეს

აღსანიშნავია, რომ მოძრაობის მიმართულების განსაზღვრისთვის ნავიგაციის ბუნებრივ მექანიზმს ხმელეთისა თუ წყლის არაერთი ბინადარი იყენებს. მაგალითისთვის, ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ყარსაღი, ბევრი სხვა ცხოველის მსგავსად, დანიშნულების ადგილისკენ ქარით მოტანილი სუნის დახმარებით გადაადგილდება, ორაგულები კი გამრავლებისთვის ხელსაყრელ არეალში მოსახვედრად მდინარის წყლის სპეციფიკურ სუნს მიჰყვებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები